7 დეპუტატი მთავრობას მიმართავს: რა ფარული მოლაპარაკება მიმდინარეობს რუსეთთან?
23/05/2023 07:26:29 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის 7 დეპუტატი ხელისუფლებას შეკითხვებით მიმართავს, "რა ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთთან, რომლის შედეგადაც დაიწყო პირდაპირი ფრენა და სანქცირებული ლავროვის ოჯახმა საქართველოს საზღვრის გადმოკვეთა შეძლო?".
პარლამენტის წევრის ხატია დეკანოიძის განცხადებით, ისინი პასუხებს ღიად ითხოვენ იმაზე, თუ როდის დაიწყო ეს კომუნიკაცია და რა არხებს იყენებს ხელისუფლება.
"ბოლოდროინდელი მოვლენების გათვალისწინებით, აშკარაა, რომ საქართველოსა და რუსეთის ხელისუფლებას შორის მიმდინარეობს ძალიან აქტიური და რაც ყველაზე მნიშვნელოვანი, საგულისხმო და საგანგაშოა, ფარული კომუნიკაცია. რა თქმა უნდა, ფრენების აღდგენა, საზღვაო ტვირთების გადაზიდვისთვის ახალი, რუსეთისკენ მარშრუტების განახლება და ასევე, ლავროვის ოჯახის წევრების ჩამოსვლა, ვერ მოხდებოდა კოორდინაციის გარეშე. ხაზს ვუსვამ, ეს არის ზუსტად საქართველოს უსაფრთხოების, გრძელვადიანი სტრატეგიული ინტერესების და ევროატლანტიკური მომავლისთვის ძირის გამოთხრა. ჩვენ, 7 დეპუტატი კითხვებით მივმართავთ საქართველოს ხელისუფლებას და ყველა იმ აღმასრულებელ ორგანოს, ვინც არის პასუხისმგებელი ამ ანტიკონსტიტუციურ ქმედებაზე და ღიად მოვითხოვთ პასუხებს, რა ფარული მოლაპარაკებები მიმდინარეობს რუსეთთან - როდის დაიწყო ფარული მოლაპარაკებები და რა არხებს იყენებს საქართველოს ხელისუფლება საკომუნიკაციოდ, ვისი ინიციატივით დაიწყო მოლაპარაკებები ძალიან მნიშვნელოვანია, იმიტომ, რომ არცერთ ეტაპზე საქართველოს მოქალაქეებს არ ჰქონიათ წინასწარ ინფორმაცია. იცოდნენ თუ არა საქართველოს ხელისუფლების პასუხისმგებელმა პირებმა და პარლამენტის უმრავლესობის წევრებმა მოლაპარაკებების შესახებ და ხორციელდება თუ არა დღემდე ფარული ვიზიტები მოსკოვში, რაც ასევე საგანგაშოა", - განაცხადა დეკანოიძემ.
დეპუტატ ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, "აშკარაა, რომ ხელისუფლება აწარმოებს ინტენსიურ მოლაპარაკებებს ოკუპანტ სახელმწიფოსთან საქართველო მოქალაქეებისგან, პარლამენტისგან ფარულად, რაც მიუღებელია".
კიდევ ერთმა დეპუტატმა თეონა აქუბარდიამ აღნიშნა, რომ "ჩრდილოვანი მმართველობა უკვე ღიად იკვეთება საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაში".
პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი, რომელიც ამავდროულად, ამბობს, რომ მისი ოპოზიციონერი კოლეგები ყალბ ინფორმაციას ავრცელებენ:
"აქ საქართველოს არაფერი გაუკეთებია გარდა იმისა, რომ რჩება იმ პოლიტიკის ფარგლებში, რომელიც გვქონდა. ჩვენ, ერთის მხრივ, არ ვუშვებთ სანქციების გვერდის ავლას საქართველოს გამოყენებით და ამაში საქართველო არის კეთილსინდისიერი და მეორე - არ ვაწესებთ ორმხრივ სანქციებს. არანაირ მოლაპარაკებაზე არ არის საუბარი. აქ საუბარია ცალმხრივ გადაწყვეტილებებზე რუსეთის მხრიდან, საქართველოს ხო არაფერი გადაწყვეტილება არ მიუღია?!".


