სახდეპი – რუსეთ-საქართველოს საბორნე მიმოსვლაზე: აშშ სასიცოცხლო მნიშვნელობის საქონლის თავისუფალ მიმოსვლას მხარს უჭერს
23/05/2023 14:53:07 პოლიტიკა
აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტი ეხმიანება სომხური მხარის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, რომლის თანახმად, ნოვოროსიისკი-ბათუმი-ნოვოროსიისკის მარშრუტით ტვირთის რეგულარული გადაზიდვა მიმდინარე წლის აპრილიდან დაიწყო.
"აქცენტისთვის" გამოგზავნილ წერილობით კომენტარში სახელმწიფო დეპარტამენტი ხაზგასმით აღნიშნავს, რომ აშშ მჭიდროდ თანამშრომლობს პარტნიორებთან რუსეთის წინააღმდეგ დაწესებული სანქციების აღსრულების კუთხით. ამავდროულად, ვაშინგტონი აცხადებს, რომ სასიცოცხლო მნიშვნელობის საქონლის მიმოსვლას მხარს უჭერს.
"ჩვენ ვიცით სომხეთიდან რუსეთში გადაზიდვების ამ მარშრუტის შესახებ. უკრაინაში არაპროვოცირებული ომის გამო რუსეთის წინააღმდეგ სანქციების დაწესების საკითხზე და შემდეგ ამ სანქციების აღსრულებაზე შეერთებული შტატები და მისი პარტნიორები მჭიდროდ თანამშრომლობენ. აშშ მხარს უჭერს სასიცოცხლო მნიშვნელობის საქონლის, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო საქონლის, მედიკამენტების და სამედიცინო აღჭურვილობის თავისუფალ მიმოსვლას, ასევე – ამ სექტორებში ვაჭრობის ხელშემწყობ საქმიანობას", – აცხადებს აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრეს–სპიკერი.
22 მაისს სომხურმა მხარემ აღნიშნა, რომ რუსეთ–საქართველოს შორის რეგულარული საბორნე მიმოსვლა დაიწყო.
იმავე დღეს საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ განაცხადა, რომ სომხური მხარის ცნობა რეგულარული საბორნე მიმოსვლის შესახებ სინამდვილეს არ შეესაბამება.
აქვე სააგენტო აღნიშნავს, რომ აპრილის თვეში ორი კომერციული რეისი ნამდვილად შესრულდა ნოვოროსიისკი-ბათუმის მიმართულებით და იგი პალაუს დროშის ქვეშ მცურავმა გემმა შეასრულა. უწყება აცხადებს, რომ ამ რეისს რეგულარული ხასიათი არ აქვს:
"სომხეთის ცალკეული მედია საშუალებებით გავრცელებული ინფორმაცია ბათუმსა და რუსეთის ქალაქ ნოვოროსიისკს შორის მიმდინარე წლის აპრილიდან რეგულარული საზღვაო გადაზიდვების დაწყების შესახებ, ინტერპრეტირებულია და სინამდვილეს არ შეესაბამება.
რაც შეეხება ცნობას კონკრეტული გადაზიდვების შესახებ, აპრილში, პალაუს დროშის ქვეშ მცურავმა გემმა “Haci Musa Ucak“- (IMO 9128544), ნამდვილად შეასრულა ორი კომერციული რეისი ნოვოროსისკსა და ბათუმს შორის. ხაზგასასმელია ის ფაქტი, რომ ეს არ არის რეგულარული რეისი, და სრულად არის კომერციული ხასიათის, რომელიც სისტემატურად ხორციელდება. აღნიშნული გემის მფლობელი კომპანია, რომელიც არ იძებნება სანქცირებულთა სიაში, კვლავ გეგმავს კომერციული რეისების შესრულებას. რაც შეეხება ტვირთს, ის სრულად ტრანზიტულია და განკუთვნილია სომხეთის რესპუბლიკისთვის.
საქართველოს საზღვაო ტრანსპორტის სააგენტო, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურთან კოორდინაციით, მუდმივ რეჟიმში ახორციელებს როგორც გემების, ასევე გემთმფლობელების შემოწმებას საერთაშორისო სანქციებთან მიმართებით. შეაბამისად, თუკი გემი, ან გემის მფლობელი არის სანქციების სიაში, მას არ ეძლევა საქართველოს ნავსადგურებში შემოსვლისა და შესაბამისი პროცედურების განხორციელების უფლება".


