პრემიერი: "აშშ ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია, მადლობელნი ვართ ყველაფრისთვის, თუმცა საქართველოს აქვს სუვერენული უფლებები"
24/05/2023 08:00:59 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, იგი მადლიერია აშს–ისა და ევროპის, თუმცა აცხადებს, რომ "ქვეყანას აქვს სუვერენული უფლებები, რომ ჰქონდეს საკუთარი ეროვნული ინტერესები". ამის შესახებ მან კატარის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას განაცხადა.
მოდერატორის კითხვაზე, "აშშ–ის სახელმწიფო დეპარტამენტმა თქვა, რომ ახლა არ არის რუსეთთან ურთიერთობების გაღრმავების დრო. თქვენ აღიზიანებთ მეგობრებს, თუ როგორი პოზიცია გაქვთ ამ ფრენებით?", პრემიერმა შემდეგი განაცხადა:
"უპირველეს ყოვლისა, აშშ საქართველოსთვის ძალიან მნიშვნელოვანი სტრატეგიული პარტნიორია. ძალიან მადლობელნი ვართ ყველაფრისთვის, რაც ამერიკას ჩვენთვის გაუკეთებია. ევროპის მიმართაც ძალიან მადლიერნი ვართ. საქართველოს აქვს სუვერენული უფლებები, რომ ჰქონდეს საკუთარ ეროვნული ინტერესები. ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობები გვაქვს რუსეთთან, ერთ მილიონი ეთნიკურად ქართველი ცხოვრობს რუსეთში და პირდაპირი ფრენები მოსკოვთან მე მგონი, ჩვეულებრივი ამბავია. ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ რაიმე პოლიტიკურ კონსულტაციებს ვაწარმოებთ რუსეთთან. ეს არის ჩვენი ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების ნაწილი".
მოდერატორმა აღნიშნულის შემდეგ პრემიერს ასე მიმართა: "თქვენ პუტინის ნარატივზე არ ხართ? ფრენებზე რომ ვთქვათ".
საპასუხოდ ღარიბაშვილმა შემდეგი განაცხადა:
"არ ვიტყოდი ასე . ეს არის ჩვეულებრივი სავაჭრო ურთიერთობები".
მან კიდევ ერთხელ აღნიშნა, რომ არც ერთი სანქცირებული რუსული კომპანია და ბორტი საქართველოში არ იფრენს.


