პრემიერი – რუსეთთან ფრენებზე: "ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არც ერთი სანქცირებული კომპანია და ბორტი საქართველოში არ იფრენს"
24/05/2023 08:12:47 პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ–მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი კვლავ იმეორებს, რომ ქვეყანაში არც ერთი სანქცირებული კომპანია და ბორტი არ იფრენს. ამის შესახებ მან კატარის ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გამართულ პანელურ დისკუსიაზე გამოსვლისას განაცხადა.
მოდერატორის კითხვაზე, როგორ აუხსნიდა საერთაშორისო საზოგადოებას რუსეთთან ფრენების განახლებას, ღარიბაშვილმა შემდეგი განაცხადა:
"ეს არის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების ნაწილი რუსეთთან . ჩვენ არ გვითქვამს, რომ შევაჩერებდით ეკონომიკურ და სავაჭრო ურთიერთობებს რუსეთთან. ბევრ ქვეყანას აქვს ფრენები რუსეთთან. მაგრამ ჩვენ მკაფიოდ განვაცხადეთ, რომ არც ერთი სანქცირებული კომპანია და ბორტი არ იფრენს საქართველოში".
დამატებით კითხვაზე, "ამ პოზიციას მტკიცედ შეინარჩუნებთ?", პრემიერმა მიუგო: "რა თქმა უნდა".


