"რუსსკი მირის" იდეის კრახი და იმპერიის დაისი: პუტინის რეიტინგი  როგორც პოსტსაბჭოეთში, ისე დანარჩენ მსოფლიოში დრამატულად ეცემა

25-05-2023 19:00:50 ანალიზი

კრემლი ცდილობს, სამეზობლოში საკუთარი გავლენის განმტკიცების გაუთავებელი უკანონო მცდელობები იქ "რუსების, რუსული ენისა და კულტურის დაცვის აუცილებლობით" ახსნას. პუტინი და მისი გარემოცვა მზად არიან, "რუსსკი მირისთვის" ბრძოლას მოძმე ერებიც შესწირონ, რასაც დღეს უკრაინის მაგალითზე ვხედავთ. თუმცა პოსტსაბჭოთა რესპუბლიკების მაცხოვრებლებს მსგავსი "მზრუნველობა" აშკარად არ მოსწონთ, მათ შორის - არც ეთნიკურ რუსებს, - ირკვევა Gallup-ის მორიგი საერთაშორისო კვლევის შედეგებიდან. დასკვნითი დოკუმენტის მიხედვით, რუსეთის ხელისუფლების ქმედებების მხარდაჭერის დონე 2022 წელს, წინა წელთან შედარებით, დრამატულად დაეცა 11-ვე პოსტსაბჭოთა ქვეყანაში, სადაც კვლევა ტარდებოდა, დაგმობის დონე კი პირიქით, მკვეთრად გაიზარდა.

კერძოდ, რუსეთს დადებითად მოსახლეობის 50%-ზე მეტი მხოლოდ ყირგიზეთსა და უზბეკეთში უყურებს, თუმცა იქაც მხარდაჭერა მნიშვნელოვნადაა (26%-ით) შემცირებული. დაგმობის მაჩვენებელიც მხოლოდ ამ რესპუბლიკებშია 50%-ზე ნაკლები, ასევე აზერბაიჯანშიც. ყველა დანარჩენ პოსტსაბჭოთა რესპუბლიკაში კრემლის პოლიტიკის მხარდაჭერა 50%-ზე მნიშვნელოვნად ნაკლებია და წინა წლის მონაცემთან შედარებით, მნიშვნელოვანი კლება ფიქსირდება.

"რუსეთის მიმართ ბოლო ათწლეულების განმავლობაში ტრადიციულად სკეპტიკურად განწყობილ ქვეყნებში (უკრაინა, საქართველო, ბალტიისპირეთის რესპუბლიკები) კრემლის პოლიტიკის დამგმობთა და მხარდამჭერთა რაოდენობებს შორის ნამდვილი უფსკრულია. რუსეთის მიმართ ტრადიციულად სიმპათიით განწყობილ სომხეთში, მოლდოვაში, ყაზახეთსა და აზერბაიჯანში კი კრემლის პოლიტიკის დამგმობთა რაოდენობა უკვე აშკარად აჭარბებს მხარდამჭერთა რიცხვს. ასე, მაგალითად, ყაზახეთში კრემლის პოლიტიკის დამგმობთა რაოდენობა გასული წლის 20%-დან წლევანდელ 50%-მდე გაიზარდა, ხოლო მხარდამჭერთა რიცხვი გასული წლის 55%-დან წლევანდელ 29%-მდე დაეცა; სომხეთში მხარდაჭერის დონე გასული წლის 45%-დან წლევანდელ 32%-მდეა დაცემული, ხოლო დამგმობთა რიცხვი 38%-დან 58%-მდეა გაზრდილი" - ნათქვამია Gallup-ის მოხსენებაში სახელწოდებით "იმპერიის დაისი: რუსეთი მეზობლების მხარდაჭერას საბოლოოდ კარგავს".

მეტიც, ყაზახეთში, ესტონეთსა და ლატვიაში - ქვეყნებში, სადაც ეთნიკური რუსების წილი ყველაზე მაღალია, ამ უკანასკნელებში რუსეთის მხარდაჭერა დრამატულად იკლებს: მაგალითად, ესტონეთსა და ლატვიაში მცხოვრებ რუსულ თემებში გასულ წელს, მსგავსი კვლევების ჩატარების ისტორიაში (2005 წლიდან) პირველად, კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერთა რაოდენობას დამგმობთა რიცხვმა გადააჭარბა (შესაბამისად, 53% - 14%-ის წინააღმდეგ და 49% - 13%-ის წინააღმდეგ); ყაზახეთის რუსულ თემში კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერთა რაოდენობა დამგმობთა რიცხვს ჯერ-ჯერობით უსწრებს (47% - 37%-ის წინააღმდეგ), მაგრამ ბოლო წლის განმავლობაში განწყობები აქაც რადიკალურადაა შეცვილი: გასულ წელს სხვაობა 20%-ს აჭარბებდა, წელს კი უკვე 10%-მდეა შემცირებული.

გარდა ამისა, თავად რუსული დიასპორები რაოდენობრივად მცირდება იმის ხარჯზე, რომ კრემლის ქმედებების ფონზე რუსული თემების სულ უფრო მეტი წევრი აცხადებს უარს, რუსად პოზიციონირებდეს. ასე, მაგალითად, 2007-2009 წ.წ. ყაზახეთში თავს რუსად მოსახლეობის 33% წარადგენდა, ლატვიაში - 30%, ესტონეთში - 29%, 2022 წლისთვის კი ეს მონაცემები 15%-მდე, 19%-მდე და 21%-მდე იყო შემცირებული.

ყოფილ პოსტსაბჭოთა ქვეყნებში განწყობების ზემოთ აღწერილი ცვლილებები მთლიანობაში შეესაბამება მსოფლიოში არსებულ განწყობებს: წამოიწყო რა ომი, რუსეთმა გააცამტვერა საკუთარი იმიჯი ყველგან, გარდა აფრიკის იმ ქვეყნებისა, რომლებიც საჰარის სამხრეთით მდებარეობენ, თუმცა ამ უკანასკნელებშიც ანტირუსული განწყობები იმატებს. მსოფლიო ლიდერებისადმი განწყობების კვლევის 15-წლიანი ისტორიის განმავლობაში პირველად, მსოფლიოს მცხოვრებთა უმრავლესობა პუტინსა და მის რეჟიმს გმობს, - ასკვნის Gallup.

და რას აკეთებს ყოველივე ზემოთთქმულის ფონზე საქართველოს ხელისუფლება? მსოფლიოს მასშტაბით არსებული სხვა ხელმოცარული მმართველი ძალების მსგავსად, ისიც ძალაუფლების შესანარჩუნებლად დასაყრდენს პუტინის რუსეთში ეძებს, რადგან იცის, რომ ავტორიტარული და დიქტატორული რეჟიმების მხარდაჭერას სხვა არავინ იკადრებს, ხოლო რუსეთისგან, რომლის ინტერესებს ავტორიტარული მმართველობის გამო დასუსტებული, განუვითარებელი, ცივილიზებული სამყაროსგან მოწყვეტილი და შესაბამისად, სრულიად დაუცველი საქართველო შეესაბამება, "ოცნება" მხარდაჭერას ნამდვილად მიიღებს... იღებს კიდეც, რაკი უკვე დაუფარავად დემონსტრირებს მზადყოფნას, ქვეყნის კონსტიტუციის დარღვევითა და მოსახლეობის 80%-ზე მეტის ნების საწინააღმდეგოდ, საგარეო პოლიტიკური კურსი შეცვალოს და საქართველო დაქცევის პირას მყოფი რუსეთისკენ შეატრიალოს. იმიტომაცაა, რომ "ოცნების" ნაბიჯებს ქვეყნის შიგნით და გარეთ ყველა გმობს, პუტინის რეჟიმისა და მისი როგორც რუსი, ისე ქართველი პროპაგანდისტების გარდა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები