ბლინკენი: ვადასტურებ აშშ–ის ერთგულებას, დაეხმაროს საქართველოს, ააშენოს ევროპული დემოკრატია, რასაც მისი მოქალაქეები იმსახურებენ

26-05-2023 09:50:06 პოლიტიკა

აშშ-ის სახელით ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღე სახელმწიფო მდივანმა ენტონი ბლინკენმა მიულოცა. სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალურ ვებ–საიტზე გამოქვეყნებულ განცხადებაში ბლინკენი წერს, რომ ქართველ ხალხს ღრმად ესმის დამოუკიდებლობის და თავისუფლების მნიშვნელობა და მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი განაგრძობს საქართველოს ტერიტორიის 20 %–ის ოკუპაციას, ქართველმა ხალხმა ევროატლანტიკური მომავლისკენ ურყევი სწრაფვა აჩვენა.

"ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის, თავისუფლების და დემოკრატიის ფასი ძალიან კარგად ესმის. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა აჩვენა ურყევი, მტკიცე ნება, მიჰყვეს ევროატლანტიკურ მომავალს. ჩვენ ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ქცევას, მათ შორის, რუსეთის საქართველოში შეჭრას 2008 წელს და მიმდინარე ოკუპაციას. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენი 31-წლიანი ორმხრივი ურთიერთობის განმავლობაში შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიურლი განვითარების წინსვლისთვის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ანონის უზენაესობის გაძლიერებისთვის, ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და უკეთესი მომავლის შესაქმნისთვის. ჩვენმა ქვეყნებმა ასევე ერთად იმუშავეს, რათა მოეტანათ სტაბილურობა და მშვიდობა საქართველოს, რეგიონსა და მსოფლიოში.

დღეს ქართველებისთვის აღსანიშნავ დღეს კიდევ ერთხელ ვადასტურებ შეერთებული შტატების ერთგულებას, რათა დაეხმაროს საქართველოს, ააშენოს უსაფრთხო, უკეთესი, ევროპული დემოკრატია, რომელიც მის მოქალაქეებს სურთ და ასე უხვად იმსახურებენ“, – ნათქვამია სახელმწიფო მდივნის განცხადებაში.

ცნობისთვის: 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, მაშინდელ გოლოვინის პროსპექტზე, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.

რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებელმა პირველმა რესპუბლიკამ არსებობა ბოლშევიკური რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა.

70 წლის შემდეგ 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები