Accentnews.ge
ვინ ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს

ვინ ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს

26/05/2023 06:52:02 პოლიტიკა

საქართველო 26 მაისს დამოუკიდებლობის დღეს აღნიშნავს. ეს დღე საქართველოს არაერთმა სახელმწიფომ თუ უცხოელმა პოლიტიკოსმა მიულოცა.

(სია განახლებადია)

აშშ–ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი:

"ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის, თავისუფლების და დემოკრატიის ფასი ძალიან კარგად ესმის. უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრისა და საქართველოს ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციის მიუხედავად, ქართველმა ხალხმა აჩვენა ურყევი, მტკიცე ნება, მიჰყვეს ევროატლანტიკურ მომავალს. ჩვენ ვგმობთ რუსეთის აგრესიულ ქცევას, მათ შორის, რუსეთის საქართველოში შეჭრას 2008 წელს და მიმდინარე ოკუპაციას. ჩვენ მტკიცედ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

ჩვენი 31-წლიანი ორმხრივი ურთიერთობის განმავლობაში შეერთებული შტატები ამაყობს, რომ მხარს უჭერს საქართველოს ძალისხმევას დემოკრატიურლი განვითარების წინსვლისთვის, კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლისთვის, ანონის უზენაესობის გაძლიერებისთვის, ეკონომიკის დივერსიფიკაციისა და უკეთესი მომავლის შესაქმნისთვის. ჩვენმა ქვეყნებმა ასევე ერთად იმუშავეს, რათა მოეტანათ სტაბილურობა და მშვიდობა საქართველოს, რეგიონსა და მსოფლიოში.

დღეს ქართველებისთვის აღსანიშნავ დღეს კიდევ ერთხელ ვადასტურებ შეერთებული შტატების ერთგულებას, რათა დაეხმაროს საქართველოს, ააშენოს უსაფრთხო, უკეთესი, ევროპული დემოკრატია, რომელიც მის მოქალაქეებს სურთ და ასე უხვად იმსახურებენ“.

საქართველოში აშშ-ის საელჩო:

"ქართველ ხალხს ამერიკელი ხალხისგან: თქვენი მდიდარი, მრავალსაუკუნოვანი ისტორიის განმავლობაში თავდაუზოგავად იბრძოდით დამოუკიდებლობისა და სუვერენიტეტისთვის და უფრთხილდებოდით მას. ეს სულისკვეთება ისევეა ცოცხალი თქვენში, როგორც ოდესმე, განსაკუთრებით თქვენს მისწრაფებაში, გახდეთ ევროკავშირისა და ნატოს წევრები და უზრუნველყოთ უსაფრთხოება და კეთილდღეობა საქართველოს მომავალი თაობებისთვის. შეერთებული შტატები სიამაყით გააგრძელებს თქვენს პარტნიორობას, ისევე, როგორც ოცდაათ წელზე მეტი ხნის განმავლობაში.გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს, საქართველო!".

საქართველო ევროკავშირის წარმომადგენლობა:

"ევროკავშირის წარმომადგენლობა ულოცავს საქართველოს მოსახლეობას დამოუკიდებლობის დღეს!".

დანიის საგარეო საქმეთა სამინისტრო:

„დღეს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა. გასულმა წელმა დანიასა და საქართველოს შორის ორმხრივი ურთიერთობები კიდევ უფრო მეტად გააძლიერა, რის ფარგლებშიც თბილისში დანიის საელჩო გაიხსნა. დანია აგრძელებს საქართველოს მხარდაჭერას დამოუკიდებლობის, თავისუფლებისა და ევროპული მომავლისთვის ბრძოლაში“.

ევროპარლამენტარი ანა ფოტიგა:

„ვუერთდები მამაცი ქართველი ხალხის მიერ დამოუკიდებლობის დღის აღნიშვნას. მე პატივს ვცემ მათ ურყევ ნებას, დაიცვან თავისი ქვეყნის დამოუკიდებლობა. ეს არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რის გამოც მე უპირობოდ მხარს ვუჭერ თქვენს ევროატლანტიკურ მისწრაფებას. გისურვებთ სურვილების ასრულებას, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას, ინსტიტუციურ განვითარებას და ევროატლანტიკურ სივრცეში გაწევრიანებას. იმედი მაქვს, რომ მომავალში ევროკავშირის დროშა მუდმივად იქნება წარმოდგენილი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს ისე, როგორც ეს ქართველი ხალხის გულებშია. დარწმუნებული ვარ, რომ ლამაზ ქართულ დროშას თავისი ღირსეული ადგილი ექნება ევროკავშირსა და ნატო-ში“.

საქართველოში გერმანიის საელჩო:

„გერმანიის საელჩო გულითადად ულოცავს საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს! ვუსურვებთ საქართველოს თავისუფლებას, მშვიდობასა და კეთილდღეობას ევროკავშირთან ერთად!".

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი:

"საქართველოს პრეზიდენტს,

თქვენო აღმატებულებავ!

უკრაინელი ხალხისა და პირადად ჩემი სახელით, გულწრფელად გილოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს.

ჩვენს ხალხებს შორის ურთიერთობა ეფუძნება ურთიერთდახმარებასა და პატივისცემას. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის სრულმასშტაბიანი მტაცებლური შეიარარებული აგრესიის პირობებში.

ჩვენი სახელმწიფო ასევე ყოველთვის თანმიმდევრულად უჭერდა მხარს და გააგრძელებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში.

დარწმუნებული ვარ, რომ უკრაინელი და ქართველი ხალხი მოახდენენ თავისი ტერიტორიებს დეოკუპაციას, დააბრუნებენ სამართლიან მშვიდობას უკრაინასა და საქართველოში და უსაფრთხოებას შავი ზღვის რეგიონში.

ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო, გისურვებთ მტკიცე ჯანმრთელობას და წარმატებებს თქვენს სახელმწიფო საქმიანობაში, ქართველ ხალხს კი მშვიდობასა და კეთილდღეობას!".

საქართველოში უკრაინის საელჩო:

"გულწრფელად ვულოცავთ მეგობარ საქართველოს და მოძმე ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! საუკუნეების მანძილზე ჩვენი ხალხები თავდაუზოგავად იბრძოდნენ თავისუფლებისთვის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის და ყოველთვის ეხმარებოდნენ ერთმანეთს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ერთობლივი ძალისხმევით აუცილებლად დავამარცხებთ ჩვენს საერთო მტერს - ფაშისტურ რუსეთს, სრულად აღვადგენთ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გავაგრძელებთ ჩვენი მომავლის აშენებას ევროპული ხალხების ერთიან ოჯახში. ვუსურვებთ საქართველოს და ქართველ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას, ბედნიერებას, დოვლათიანობასა და ჰარმონიას! ერთად გამარჯვებამდე!".

ლატვიის საგარეო საქმეთა სამინისტრო:

„ვულოცავთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გისურვებთ მშვიდობას, უსაფრთხოებას და კეთილდღეობას. ლატვიის ურთიერთობა საქართველოსთან დამყარებულია თავისუფლებისა და დემოკრატიის საერთო ღირებულებებზე. წარმატებებს ვუსურვებთ ქართველებს ევროპული ოჯახისკენ მიმავალ გზაზე“.

საქართველოში ისრაელის ელჩი ჰადას მეიცადი:

"ჩემთვის დიდი პატივია ისრაელის ხალხისა და სახელმწიფოს სახელით მოგილოცოთ საქართველოს დამოუკიდებლობის დღე. 1918 წელი საქართველოს ისტორიაში იყო გადამწყვეტი, როდესაც ერი გაერთიანდა დემოკრატიული ღირებულებების, ინკლუზიურობისა და თანასწორობის პრინციპების გარშემო. დამოუკიდებლობისკენ მიმავალ გზაზე თქვენ უდიდესი სირთულეებისა და გამოწვევების წინაშე აღმოჩნდით, მაგრამ თქვენ ყოველ ჯერზე აჩვენეთ ურყევი ნება და სწრაფვა სახელმწიფოებრიობისკენ. თქვენ განუწყვეტლივ მიისწრაფვით პროგრესისკენ, რათა შექმნათ საზოგადოება, სადაც თითოეული მოქალაქე იქნება ღირებული და დაცული. ისრაელსა და საქართველოს შორის კავშირი და მეგობრობა უნიკალურია და ის საერთო ღირებულებებით არის განმტკიცებული. ჩვენ ორივეს გვესმის თუ რაოდენ ძვირფასია სახელმწიფოებრიობა და დამოუკიდებლობა. გილოცავთ დამოუკიდებლობის დღეს!“.

რუმინეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო:

„გულთბილად ვულოცავთ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორის, საქართველოს მთავრობას და მის ხალხს დამოუკიდებლობის დღეს. რუმინეთი მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს დამოუკიდებლობას, სუვერენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ასევე, მის ევროპულ და ევროატლანტიკური გზას“.

თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო:

„ჩვენ აღვნიშნავთ ჩვენი მეგობრისა და მეზობლის, საქართველოს დამოუკიდებლობის დღეს. გაუმარჯოს საქართველოს!“.

საქართველოში ირანის ისლამური რესპუბლიკის საელჩო:

„როგორც მეზობლები და მეგობრები, ვზეიმობთ თქვენს მიღწევებს და ვაფასებთ თქვენს ურყევ ერთგულებას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისადმი“.

ევროკომისარი ოლივერ ვარჰეი:

„ყველა ქართველს და მთელ ერს ვულოცავ დამოუკიდებლობის დღეს! საქართველო ევროკავშირს ეკუთვნის. თავისუფლებისკენ სწრაფვამ გაგაძლიერათ და გამძლე გაგხადათ. თავისუფლება ყველა ბრძოლაზე იმარჯვებს“.

აზერბაიჯანის პრეზიდენტი ილჰამ ალიევი:

„ძვირფასო ქალბატონო პრეზიდენტო, 26 მაისს – დამოუკიდებლობის დღეს, ჩემი და აზერბაიჯანელი ხალხის სახელით, გულითადად გილოცავთ თქვენ და საქართველოს მეგობარ ხალხს, გიგზავნით საუკეთესო სურვილებს.

აზერბაიჯანსა და საქართველოს შორის ურთიერთობების დღევანდელი დონე, რომელიც სათავეს იღებს საუკუნეების განმავლობაში მეგობრობის, მეგობრული მეზობლობისა და ჰარმონიის პირობებში მცხოვრები ჩვენი ხალხების ნებიდან, კმაყოფილებას იწვევს. ურთიერთდახმარება და ნდობა, მჭიდრო თანამშრომლობა, ფართომასშტაბიანი რეგიონული პროექტები, რომლებსაც ჩვენ ერთად ვახორციელებთ, არის ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობისა და ალიანსის განმსაზღვრელი მთავარი ფაქტორები.

დღეს კარგი შესაძლებლობებია ჩვენი ორმხრივად სასარგებლო თანამშრომლობის განვითარებისა და გამდიდრებისთვის, რომელიც მოემსახურება ჩვენი ქვეყნების კეთილდღეობას და ჩვენი რეგიონის კეთილდღეობას და ჩვენი პარტნიორობის უფრო მაღალ დონეზე ამაღლებას. დარწმუნებული ვარ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, ჩვენი ხალხების ინტერესებიდან გამომდინარე, მივაღწევთ აზერბაიჯან-საქართველოს ტრადიციული მეგობრული ურთიერთობების განმტკიცებას და ჩვენი ეფექტური ურთიერთქმედების შემდგომ გაფართოებას როგორც ორმხრივ, ისე მრავალმხრივ საფუძველზე. ასეთ მნიშვნელოვან დღესასწაულზე გისურვებთ ჯანმრთელობას, ბედნიერებას, წარმატებებს თქვენს საქმიანობაში, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს – მშვიდობასა და კეთილდღეობას“.

სომხეთის პრემიერ-მინისტრი ნიკოლ ფაშინიანი:

"საქართველოს პრეზიდენტს, თქვენო აღმატებულებავ, გულითადად გილოცავთ თქვენ და მოძმე ქართველ ხალხს საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს – სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის დღეს. საუკუნეზე მეტი ხნის წინ, ამ დღეს ქართველმა ხალხმა გადამწყვეტი ნაბიჯი გადადგა დამოუკიდებლობის აღდგენისკენ დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული სახელმწიფოს ასაშენებლად და დღესაც თავდაჯერებულად აგრძელებს გზას.

მინდა, ხაზგასმით აღვნიშნო, რომ საქართველოსთან ურთიერთსასარგებლო და კეთილმეზობლური ურთიერთობების გაღრმავება ჩვენი მთავრობის საგარეო პოლიტიკის ერთ-ერთი პრიორიტეტია და ვიმედოვნებ, ჩვენი ერთობლივი ძალისხმევის წყალობით, სომხეთსა და საქართველოს შორის ურთიერთობები გაგრძელდება და განვითარდება ორმხრივი ინტერესის ყველა სფეროში ჩვენი ქვეყნებისა და ხალხების საკეთილდღეოდ. ვსარგებლობ შემთხვევით, გისურვებთ ჯანმრთელობას და ნაყოფიერ საქმიანობას, ხოლო საქართველოს მეგობარ ხალხს – მშვიდობასა და წინსვლას. თქვენო აღმატებულებავ, გულითადად გილოცავთ საქართველოს ეროვნულ დღესასწაულს – სახელმწიფოებრივი დამოუკიდებლობის აღდგენის 105 წლისთავს. გზა სახელმწიფოებრიობისაკენ ყოველთვის არ იყო გლუვი, მაგრამ სომეხმა და ქართველმა ხალხებმა, თანმიმდევრული ბრძოლის წყალობით, დაადასტურეს თავიანთი უფლება დამოუკიდებელ სახელმწიფოზე და დღეს თავიანთი მისწრაფებების ერთგული რჩებიან, აგრძელებენ მჭიდრო თანამშრომლობას სახელმწიფო მშენებლობის საკითხში. დარწმუნებული ვარ, არსებული თანამშრომლობის პოტენციალი და ორი მეგობარი ქვეყნის პარტნიორობის გაღრმავების მონდომება გააგრძელებს ძმური ურთიერთობებისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარების ხელშეწყობას და ახალ ბიძგს მისცემს სომეხ და ქართველ ხალხებს შორის ძმური ურთიერთობებისა და ურთიერთსასარგებლო თანამშრომლობის განვითარებას. ძალიან ვაფასებ მეგობარი საქართველოს მიღწევებს. გარწმუნებთ, რომ სომხეთი საქართველოსთვის საიმედო მეგობარი და მეზობელია და ასე დარჩება. ვსარგებლობ შემთხვევით, გისურვებთ ჯანმრთელობას და ნაყოფიერ შრომას, ხოლო მეგობარ ქართველ ხალხს – მშვიდობასა და წინსვლას“.

ევროპარლამენტარი ვიოლა ფონ კრამონი:

"გილოცავ, საქართველო! დამოუკიდებლობის აღდგენიდან 32 წელი გავიდა. როგორც საქართველოს დიდ მეგობრებსა და დიდ გულშემატკივრებს, შეგვიძლია მხოლოდ, ტაში დაგიკრათ და მოგილოცოთ. ევროკავშირი გააგრძელებს თქვენს გვერდით დგომას დამოუკიდებლობის სრულად მიღწევამდე. ეს არ არის ადვილი იმ დროს, როდესაც შინაგანი და გარეგანი საფრთხეები საქართველოს კვლავ სხვა მიმართულებით უბიძგებს. მაგრამ შეგიძლიათ, დარწმუნებული იყოთ, რომ ჩვენ ევროპის პარლამენტში გავაგრძელებთ თქვენს მხარდაჭერას ევროპისკენ მიმავალ გზაზე!".

ბრიტანეთის გაერთიანებული სამეფოს მეფე ჩარლზ მესამე:

"მსურს, ჩემი თბილი მილოცვა გავუგზავნო მის აღმატებულებას, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილსა და ქართველ ხალხს თქვენი ქვეყნისთვის ამ განსაკუთრებულ დღეს, როცა დამოუკიდებლობის წლისთავს აღნიშნავთ. მოუთმენლად ველი ჩვენს ქვეყნებს შორის გულითადი მეგობრობის და ძლიერი პარტნიორობის გაგრძელებას ამ გამოწვევებით სავსე დროში".

საქართველოში აშშ-ის ელჩი კელი დეგნანი:

„შეერთებული შტატები ძალიან ამაყია იმით, რომ აქვს შესაძლებლობა, ეს დღე ქართველებთან ერთად იზეიმოს, იდგეს საქართველოს გვერდით და დაეხმაროს ძლიერი, აყვავებული ევროპული დემოკრატიის ასაშენებლად. გილოცავთ ქართველო მეგობრებო დამოუკიდებლობის დღეს“.

ცნობისთვის: 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, მაშინდელ გოლოვინის პროსპექტზე, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.

რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებელმა პირველმა რესპუბლიკამ არსებობა ბოლშევიკური რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა.

70 წლის შემდეგ 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S