უკრაინის საელჩო: დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავთ მოძმე ქართველებს! ერთად გამარჯვებამდე!
26/05/2023 07:03:12 პოლიტიკა
საქართველოში უკრაინის საელჩო ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს.
"გულწრფელად ვულოცავთ მეგობარ საქართველოს და მოძმე ქართველ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს! საუკუნეების მანძილზე ჩვენი ხალხები თავდაუზოგავად იბრძოდნენ თავისუფლებისთვის, სუვერენიტეტისა და დამოუკიდებლობისთვის და ყოველთვის ეხმარებოდნენ ერთმანეთს. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ერთობლივი ძალისხმევით აუცილებლად დავამარცხებთ ჩვენს საერთო მტერს - ფაშისტურ რუსეთს, სრულად აღვადგენთ უკრაინისა და საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და გავაგრძელებთ ჩვენი მომავლის აშენებას ევროპული ხალხების ერთიან ოჯახში. ვუსურვებთ საქართველოს და ქართველ ხალხს მშვიდობასა და კეთილდღეობას, ბედნიერებას, დოვლათიანობასა და ჰარმონიას! ერთად გამარჯვებამდე!",- ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
ცნობისთვის: 26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.
1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, მაშინდელ გოლოვინის პროსპექტზე, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.
რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებელმა პირველმა რესპუბლიკამ არსებობა ბოლშევიკური რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად 1921 წლის თებერვალში შეწყვიტა.
70 წლის შემდეგ 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა.


