თავდაცვის მინისტრი: ახალ თაობას ორი რამ მინდა, შთავაგონოთ, შევინარჩუნოთ იდენტობა და ვიცოდეთ ჩვენი მთავარი გამოწვევა - ჩვენი ქვეყნის გამთლიანება
26/05/2023 07:13:25 პოლიტიკა
თავდაცვის მინისტრმა ჯუანშერ ბურჭულაძემ ახალწვეულებსა და სრულიად საქართველოს დამოუკიდებლობის დღე მიულოცა.
„მინდა, მოგილოცოთ დღევანდელი დღე. ეს არის სიმბოლო ჩვენი თავისუფლების. ეს დღე არის ჩვენი ძალიან ძვირფასი დღე როგორც აწმყოში, ასევე მომავალაში. რა თქმა უნდა, მინდა, მივულოცო ჩვენი გმირების ოჯახებს, ახალწვეულებს და სრულიად საქართველოს საზოგადოებას. მინდა, ვთხოვო ჩვენს საზოგადოებას, რომ ამ დღის გარშემო უნდა ვიყოთ განსაკუთრებით ერთიანი. ორი რამ მინდა, ახალ თაობას შთავაგონოთ: ყველაზე მნიშვნელოვანია, შევინარჩუნოთ იდენტობა და არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ უნდა ვიცოდეთ ჩვენი მთავარი გამოწვევა – ჩვენი ქვეყნის გამთლიანება“, – განაცხადა, "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, ჯუანშერ ბურჭულაძემ.
თავისუფლების მოედანზე დამოუკიდებლობისადმი მიძღვნილი ღონისძიება მიმდინარეობს. მინისტრმა კომენტარი გააკეთა მედიასთან, ოღონდ ჟურნალისტების გარეშე. პრეს–სამსახურის თანამშრომლებმა ჟურნალისტებს მიკროფონები გამოართვეს, მიიტანეს მინისტრთან, რომელიც მედიისთვის განკუთვნილი სივრციდან მოშორებით იდგა. თავად ჟურნალისტები კი რკინის ჯებირებით შემოსაზღვრულ სივრცეში არიან განთავსებული.
მთავრობის პრეს–სამსახურის განცხადებით, ღონისძიების პროტოკოლით, მედიას თანამდებობის პირებთან მიახლოების საშუალება ღონისძიების დასრულებამდე არ ექნება.


