ევროკავშირის დროშებით მსვლელობისას რუსთაველზე ერთი პირი დააკავეს
26/05/2023 09:40:35 პოლიტიკა
რუსთაველის გამზირზე, სადაც დღეს ევროკავშირის დროშებით მსვლელობა გაიმართა, პოლიციამ ერთი პირი დააკავა.
საპატრულო პოლიციის ხელმძღვანელ ვაჟა სირაძის მტკიცებით, მსვლელობის მონაწილეები "პოლიციის მიმართ აგრესიულად იყვნენ განწყობილი და ჯებირების გარღვევა რამდენჯერმე სცადეს".
თავად მსვლელობის მონაწილეები კი ამას უარყოფენ და აცხადებენ, რომ პოლიციის კორდონს იქით მათაც კი არ უშვებდნენ, ვისაც ევროკავშირის მცირე ზომის დროშა ეკავათ ხელში - "პროვოკაციულად იქცევით და იმიტომო".
შეგახსენებთ, რომ ხელისუფლების გადაწყვეტილებით, წელს დამოუკიდებლობის დღის აღსანიშნავ ღონისძიებებზე ევროკავშირის დროშები არ გამოიფინა, რის გამოც მოქალაქეებმა გადაწყვიტეს, თავად გასულიყვნენ რუსთაველზე როგორც საქართველოს, ისე ევროკავშირის დროშებით.


