26 მაისის ღონისძიებაზე პრეზიდენტის გამოსვლისას უკმაყოფილო შეძახილები ისმოდა

26-05-2023 14:19:29 პოლიტიკა

დღეს თავისუფლების მოედანზე, დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლისას ტრიბუნიდან, რომელზეც დღესასწაულზე მიწვეული სტუმრები, მათ შორის მმართველი პარტია "ქართული ოცნების" წარმომადგენლები იმყოფებოდნენ, უკმაყოფილო შეძახილები ისმოდა.

მსგავსი შეძახილები, კერძოდ, იმ დროს გაისმა, როცა პრეზიდენტი ამბობდა შემდეგს:

"გაუგებარი და შეურაცხმყოფელია, როცა დღეს ვითვლით, თუ რამდენ მილიონს მოგვიტანს „ფრენების საჩუქარი“. ნუთუ ჩვენი ღირსება 200 თუ 300 მილიონად იყიდება?! და ახლა ამ ტრიბუნიდან მინდა მივმართო გიორგი ანწუხელიძის და გიგა ოთხოზორიას ოჯახებს. მე, როგორც ამ ქვეყნის უმაღლესი მთავარსარდალი ბოდიშს გიხდით შეურაცხყოფისთვის... გაუგებარია, როცა ევროპას და ამერიკას ყველაფერს აბრალებ...".

მოგვიანებით "ქართული ოცნების" დეპუტატმა ირაკლი ქადაგიშვილმა რადიო თავისუფლებას დაუდასტურა, რომ ერთ-ერთი ფრაზა, რომელიც პრეზიდენტის გამოსვლისას გაისმა, მას ეკუთვნოდა.

"მე ვთქვი, 9 აპრილს მე ვიბრძოდით-მეთქი [...] როცა გაბრალებენ, რუსეთის იმეებად გამოგვიყვანა, უნდა იცოდეს, ვის მიმართოს", - ამბობს ქადაგიშვილი და არ აზუსტებს, ორივე რეპლიკა მას ეკუთვნოდა, თუ არა:

"არ ვიცი, ბევრის უკმაყოფილება იყო პრეზიდენტის დღევანდელი სიტყვისგან და აღარ ვიცი, ვინ რას ამბობდა".

პრეზიდენტის სიტყვით გამოსვლის დროს ღონისძიებას ესწრებოდნენ მთავრობის, პარლამენტისა და დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები.

საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ცერემონიალზე სიტყვით გამოსვლისას გააკრიტიკა ხელისუფლება, რომელიც "საკუთარი მოქალაქეების პატივზე და ღირსებაზე არ ფიქრობს."

სალომე ზურაბიშვილმა თქვა, რომ იმ დროს, როცა ქართულმა საზოგადოებამ "მსოფლიოს ყველა საჭირო დროს აჩვენა თავისი ერთიანობა, პრინციპულობა, უკრაინის მიმართ სოლიდარობა, ტოლერანტობა და ევროპული არჩევანისა და მისი ღირებულებების ერთგულება", ხელისუფლებამ უნდა შეასრულოს საზოგადოებისთვის მიცემული პირობა და "დარჩენილ დროში უნდა იფიქროს იმაზე, თუ რისი შესრულება შეუძლია - არა იმიტომ, რომ ვინმე გვკარნახობს, არამედ იმიტომ, რომ ეს ქვეყნის სამშვიდობოზე გაყვანის გზაა და ამას ალტერნატივა არ გააჩნია".

26 მაისი საქართველოს დამოუკიდებლობის დღეა.

1918 წლის 26 მაისს საქართველოს ეროვნულმა საბჭომ ნოე ჟორდანიას ხელმძღვანელობით დამოუკიდებლობის აქტი მიიღო თბილისში, მაშინდელ გოლოვინის პროსპექტზე, დღევანდელ რუსთაველის გამზირზე მდებარე კავკასიის მეფისნაცვლის ყოფილ რეზიდენციაში, სადაც დღეს მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლეა.

რუსეთის იმპერიისგან დამოუკიდებელმა პირველმა რესპუბლიკამ არსებობა 1921 წლის თებერვალში ბოლშევიკური რუსეთის სამხედრო აგრესიის და ოკუპაციის შედეგად შეწყვიტა.

70 წლის შემდეგ, 1991 წლის 9 აპრილს საქართველომ დამოუკიდებლობა აღიდგინა.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები