"ქართველი ხალხი არ დაუშვებს, რომ ჩვენი ქვეყანა რუსეთის წიაღში შეათრიონ": "ლელოს" ორგანიზებით მსვლელობა იმართება
26/05/2023 11:29:56 პოლიტიკა
"ლელოს" ორგანიზებით საქართველოსა და ევროკავშირის დროშებით თსუ-ის I კორპუსიდან რუსთაველის ძეგლამდე მსვლელობა იმართება.
"ეს დღეს ჩვენმა წინაპრებმა დიდი შრომის და სისხლის შედეგად მოიტანეს. ეს არის მსვლელობა, რომელიც ასახავს ზუსტად იმ ნებას, რომელიც ჩვენი მოქალაქეების მოთხოვნაა. ეს არის იმის ჩვენება, რომ ქართველი ხალხი არ დაუშვებს ამ პატარა ჯგუფის მანიპულაციას, რომ ჩვენი ქვეყანა შეათრიონ რუსეთის წიაღში. ამიტომ, ეს არის გაფრთხილება, შეხსენება, ამ მოაღალატე, კოლაბორაციონისტი მთავრობის მიმართ, იმიტომ, რომ არასდროს, ქართველი ხალხი არ დაუშვებს, რომ დაბრუნდეს იმპერიაში. მე ვუსურვებ ქართველ ხალხს გამარჯვებას და ვუსურვებ უკრაინას გამარჯვებას. ერთხელ და სამუდამოდ ბოროტების იმპერია დაიმსხვრევა და ჩვენი ქვეყანა იქნება ძლიერი",- აცხადებს "ლელოს" ერთ–ერთი ლიდერი მამუკა ხაზარაძე.
26 მაისს თბილისში ევროკავშირის დროშებით საპროტესტო მსვლელობები მას შემდეგ დაიგეგმა, რაც საქართველოს ხელისუფლებამ ქალაქის სადღესასწაულო მორთულობისას ევროკავშირის დროშები ამოიღო და საქართველოს პარლამენტთან მხოლოდ საქართველოს ხუთჯვრიანი დროშები განათავსა. მოქალაქეების ნაწილმა ეს გადაწყვეტილება, საქართველოს დასავლური კურსის საბოტაჟად მიიჩნია და გადაწყვიტა, ამ გზით ეჩვენებინა ხელისუფლებისა და საზოგადოებისთვის ის, რომ ქვეყნის დასავლური კურსი უალტერნატივოა.
მანამდე, მსვლელობა სახელწოდებით "საქართველო ირჩევს ევროპას" „ტალღისა“ და „ჯიუტის“ ორგანიზებით გაიმართა.


