პაატა მანჯგალაძე: "საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანება რეალობაა და ამას ხელს უშლის „ქართული ოცნება“
29/05/2023 08:50:18 პოლიტიკა
საქართველოს ევროკავშირში და ნატო-ში გაწევრიანება რეალობაა და ამას ხელს უშლის „ქართული ოცნება", „ალდე“ მხარს უჭერს ქვეყნის ინტეგრაციას და გმობს "ქართული ოცნების" ქმედებებს,- ამის შესახებ პარლამენტში გამართულ ბრიფინგზე "სტრატეგია აღმაშენებლის" დეპუტატმა პაატა მანჯგალაძემ განაცხადა.
მისი თქმით, მაშინ, როცა გავლენიანი პოლიტიკური ჯგუფი ევროპაში მხარს უჭერს საქართველოს ევროინტეგრაციას, "ქართულმა ოცნება" ბიზნეს ელჩს გზავნის პუტინთან.
„შვედეთში ლიბერალებისა და დემოკრატების კონგრესზე მიღებულ იქნა უპრეცედენტო გადაწყვეტილება, „სტრატეგია აღმაშენებლის" წარდგინებით მიღებულ იქნა რეზოლუცია, სადაც ერთხმად მხარი დაეჭირა ევროკავშირში საქართველოს ინტეგრაციის პროცესს და ასევე მზადყოფნაა გამოთქმული საქართველოს ნატო- ში ინტეგრაციასთან დაკავშირებით. უნდა ვთქვათ, რომ რეალობაა საქართველოს ევროკავშირში და ნატოში გაწევრიანება და ამას ხელს უშლის "ქართული ოცნება". მაშინ, როცა ჩვენი ჩართულობით გავლენიანმა პოლიტიკურმა ჯგუფმა მხარი დაუჭირა საქართველოს ევროკავშირსა და ნატო–ში ინტეგრაციას, "ქართულმა ოცნებამ" გამართა მოლაპარაკებები პუტინთან და ბიზნეს ელჩი გაუგზავნა პუტინს 26 მაისს, სულში ჩააფურთხეს საქართველოს თავისუფლებისთვის მებრძოლ გმირებს და მადლობები გადაუხადეს ჩვენს მტერს. პარტნიორებმა დაგმეს "ქართული ოცნების" ასეთი ქმედებები (რეზოლუციაში). როცა სანქცირებულია ევროპაში რუსული კომპანიები, არ უნდა გაგრძელდეს პირდაპირი ფრენები, უნდა შეწყდეს პოლიტიკური დევნა, საუბარია ნიკა გვარამიაზე, მიხეილ სააკაშვილზე, ასევე ლაზარე გრიგორიადისთან დაკავშირებით საუბარია, რომ მიღებულ იქნას სამართლიანი გადაწყვეტილებები, მოწოდებაა, რომ შეასრულოს „ქართულმა ოცნებამ“ 12 რეკომენდაცია, მკაცრი მოწოდებაა ასევე, შეწყვიტონ ანტიდასავლური, ანტიქართული რიტორიკა. უნდა ვიყოთ ფხიზლად, ჩვენ მოვიტანეთ ერთი პატარა გამარჯვება ევროპული ინტეგრაციის გზაზე, ახლა ყველამ ერთად უნდა მოვიტანოთ გამარჯვება ამ გზაზე,"- განაცხადა მანჯგალაძემ.
„სტრატეგია აღმაშენებლის“ ცნობით, ევროპარლამენტში პოლიტიკურმა გაერთიანება "ალდემ" მხარი დაუჭირა მათ მიერ წარდგენილ რეზოლუციას, რომელშიც "დაგმობილია რუსეთ-საქართველოს შორის ორმხრივი პირდაპირი ფრენის დაწყება, ქართველი მაღალჩინოსნების კონსპირაციული, დეზინფორმაციული განცხადებები საქართველოს ომში ჩართვის შესახებ და ქვეყანაში სანქცირებული ლავროვის ოჯახის წევრების შემოშვება".
„სტრატეგია აღმაშენებლის“ პრეს–სამსახურის ცნობით, ალდეს ყოველწლიურ კონგრესზე, რომელიც სტოკჰოლმში გაიმართა, რეზოლუციის შემტანი „სტრატეგია აღმაშენებელი” იყო. მათი ცნობით, რეზოლუციის ტექსტის დამუშავებაში საქართველოდან ასევე მონაწილეობდნენ: „გირჩი მეტი თავისუფლება”, „რესპუბლიკელები”, „თავისიფალი დემოკრატები” და „ლელო საქართველოსთვის”, ტექსტის დამუშავებაში ასევე მონაწილეობდნენ ევროპული პარტიები.


