დავითაშვილი: გარდაბნის მუნიციპალიტეტში კომბინირებული ციკლის მესამე თბოლექტროსადგურის მშენებლობისთვის კონკურსი გამოცხადდება
29/05/2023 09:09:42 პოლიტიკა
ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილის განცხადებით, გარდაბნის მუნიციპალიტეტში კომბინირებული ციკლის მესამე თბოლექტროსადგურის მშენებლობისთვის კონკურსი გამოცხადდება.
როგორც დავითაშვილმა მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ განაცხადა, სადგურის მშენებლობა 4 წელზე მეტ ხანს არ უნდა გაგრძელდეს.
„გარდაბნის მუნიციპალიტეტში კომბინირებული ციკლის მესამე თბოლექტროსადგურის მშენებლობისთვის მთავრობამ პირობები განსაზღვრა და შესაბამისი კონკურსი გამოცხადდება, რომლის ფარგლებშიც, შეირჩევა კერძო ინვესტორი, ვინც საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის კუთვნილ 100% წილს - გარდაბნის თბოსადგურ 3-ში შეიძენს, ეს იქნება 350-დან 430-მეგავატამდე სიმძლავრის კომბინირებული ციკლის თბოლეექტროსადგური, რომელსაც უნდა ჰქონდეს შესაბამისი ტექნიკური პირობები, მათ შორის, ე.წ. წმინდა ეფექტურობა უნდა იყოს არანაკლებ 56%-ის, ასევე სხვა პარამეტრები, მათ შორის, მწარმოებელი კომპანიების მიმართ მოთხოვნები განსაზღვრულია. კონკურსის პირობები შემდეგი იქნება - კერძო ინვესტორის შერჩევის მთავარი კრიტერიუმი იქნება თბოსადგურის მშენებლობის ყველაზე დაბალი კაპიტალური ხარჯი ერთი მეგავატისთვის. როცა ჩვენ ვსაუბრობთ განახლებადი ენერგიის პროექტებზე, მათი ინტეგრირებაც ქსელში ხშირ შემთხვევაში შეუძლებელია იქიდან გამომდინარე, რომ ჩვენ არ გვაქვს შესაბამისი სიმძლავრეები სტაბილური ენერგოგენერაციის წყაროებიდან და ესეც ამ ნაწილში დაგვეხმარება, რომ მეტი განახლებადი ენერგიის პროექტის ინტეგრირება მოვახდინოთ ქსელში. ასე რომ ძალიან მნიშვნელოვანი პროექტია, იმედი გვაქვს, რომ რამდენიმე თვიანი შერჩევის შემდეგ, მუშაობას დავიწყებთ, არაუმეტეს 4 წელიწადში, სადგურის მშენებლობის დასრულება უნდა მოხდეს“, - განაცხადა დავითაშვილმა.


