29-05-2023 14:41:01 კონფლიქტები
ყაზახეთის პრეზიდენტმა ქასიმ-ჟომარტ ტოკაევმა ხუმრობად ჩაუთვალა ბელარუსის ავტორიტარ ლიდერ ალექსანდრე ლუკაშენკოს წინადადება ყაზახეთისა და ევრაზიის ეკონომიკური კავშირის სხვა წევრი სახელმწიფოების მიმართ, რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს შეუერთდნენ რუსულ ბირთვულ იარაღზე წვდომის მისაღებად.
"მე სათანადოდ დავუფასე ლუკაშენკოს ეს ხუმრობა. ვფიქრობ, ამის არანაირი საჭიროება არ დგას, რადგან არსებობს სხვა საინტეგრაციო გაერთიანებები, უპირველესად, თავად ევრაზიული ეკონომიკური კავშირი. რაც შეეხება ბირთვულ იარაღს, იგი არაფერში გვჭირდება" - განაცხადა ტოკაევმა.
ცნობისთვის:
ბელარუსმა ავტორიტარმა მმართველმა ალექსანდრე ლუკაშენკომ ყაზახეთი რუსეთ-ბელარუსის სახელმწიფოსთან მიერთებისკენ მოუწოდა, "თუკი რესპუბლიკის ხელმძღვანელობას ბელარუსში რუსული ბირთვული იარაღის განთავსება აღელვებს".
ამის შესახებ მან რუსულ ტელეგადაცემაში "მოსკოვი.კრემლი.პუტინი" განაცხადა.
მანამდე ყაზახეთის პრეზიდენტმა ქასიმ-ჟომარტ ტოკაევმა მოსკოვში გამართულ ფორუმზე რუსეთის თაოსნობით მოქმედი ევრაზიის ეკონომიკური კავშირი სწორედ რუსეთ-ბელარუსის საკავშირო სახელმწიფოს ჩამოყალიბების იდეის გამო გააკრიტიკა.
"ყაზახეთი ევრაზიის ეკონომიკურ კავშირს მხოლოდ და მხოლოდ ეკონომიკურ ბლოკად განიხილავს და თვლის, რომ მის ფარგლებში ნებისმიერი ინტეგრაცია ეკონომიკურ ხასიათს უნდა ატარებდეს. სწორედ ესაა დაფიქსირებული 2015 წლის შეთანხმებაში. ინტეგრაციის ყველა სხვა სფერო ეკონომიკის პრიზმაში უნდა იქნას განხილული. გარდა ამისა, ევრაზიის ეკონომიკურ კავშირში ეკონომიკური ინტეგრაცია შეიცავს ერთ დელიკატურ მომენტს, კერძოდ, იმას, რომ კავშირი დე-ფაქტოდ ორ ნაწილად დაიშალა: ერთ მხარესაა რუსეთი და ბელარუსი, რომლებიც საკავშირო სახელმწიფოს წარმოადგენენ ერთიანი პოლიტიკური, იურიდიული, სამხედრო, ეკონომიკური, სავალუტო, კულტურული, ჰუმანიტარული სივრცით და ბოდიში მომიხდია, ბირთვული იარაღითაც, რომელიც ამ დროისთვის ერთი აქვთ ორი სახელმწიფოსთვის, მეორეს კი - ყაზახეთი, ყირგიზეთი და სომხეთი ინტეგრაციის სულ სხვა დონით" - განუცხადა ტოკაევმა ევრაზიის ეკონომიკური ფორუმის სცენაზე მის წინ მჯდომ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინს.
მისივე თქმით, ევრაზიულ კავშირში ეკონომიკური ინტეგრაციაც კი თავდაპირველი შეთნხმებების დარღვევით მიმდინარეობს:
"მიუხედავად იმისა, რომ ამ კავშირის ჩამოყალიბებისას დეკლარირებული იყო "ოთხი თავისუფლება", ასევე ისეთი საბაზისო პრინციპები, როგორიცაა ინფრასტრუქტურასთან არადისკრიმინაციული წვდომა, სამართლიანი კონკურენცია, თანასწორუფლებიანობა და ეროვნული ინტერესების გათვალისწინება, სახეზე გვაქვს ურთერთბარიერებისა და შეზღუდვების უამრავი ფაქტი. ასე, მაგალითად, გასულ წელს რუსეთმა არაერთგზის შეაჩერა ნოვოროსიისკის ტერმინალით ყაზახური ნავთობის ექსპორტი, რის შემდეგაც ჩვენმა ხელისუფლებამ ალტერნატიული მარშრუტების ძიება დაიწყო და მიმდინარე წლის პირველ კვარტალში რუსეთის გვერდის ავლით - ტრანსკასპიური საზღვაო მარშრუტით ექსპორტი 6-ჯერ - 163,4 ტონამდე გაიზარდა".
ამის საპასუხოდ ალექსანდრე ლუკაშენკომ ყაზახეთსა და ევრაზიული კავშირის წევრ ყველა დანარჩენ სახელმწიფოს საკავშირო სახელმწიფოში გაერთიანება შესთავაზა, "რათა იყოს ერთიანი ბირთვული იარაღი ყველასათვის".
"თუ ვინმე განიცდის, არ ვფიქრობ, ტოკაევს ამასთან დაკავშირებით რაიმე განცდები აქვს, მაგრამ მაინც, არავინაა წინააღმდეგი, ყაზახეთსა და სხვა სახელმწიფოებს ისეთივე მჭიდრო ურთიერთობები ჰქონდეთ ერთმანეთთან, როგორც ბელარუსსა და რუსეთს. ამის მიღწევა ძალიან მარტივია: შემოგვიერთდით ბელარუს-რუსეთის კავშირში - და გვექნება ერთიანი ბირთვული იარაღი ყველასათვის".
ამასთან ლუკაშენკომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეს მისი პირადი პოზიციაა და რუსეთის ხელმძღვანელობას შესაძლოა, განსხვავებული აზრი ჰქონდეს.
ცნობისთვის: 25 მარტს რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ბელარუსის ტერიტორიაზე ტაქტიკური ბირთვული იარაღის განთავსების განზრახვის შესახებ განაცხადა და აღნიშნა, რომ მათთვის საცავის მშენებლობის დასრულება პირველი ივლისისთვის იყო დაგეგმილი. როგორც პუტინმა აღნიშნა, ეს გადაწყვეტილება უკრაინისთვის გაღარიბებული ურანის შემცველი ჭურვების მიწოდების საპასუხოდ იქნა მიღებული. თავის მხრივ ლუკაშენკომ აპრილის ბოლოს განაცხადა, რომ რუსეთი ბელარუსის ტერიტორიაზე არასტრატეგიული ბირთვული იარაღის მიწოდებას უკვე შეუდგა. ხოლო როგორც ბელარუსში რუსეთის ელჩმა ბორის გრიზლოვმა დააზუსტა, ეს იარაღი სავარაუდოდ, პოლონეთთან საზღვარზე განთავსდება და მის გამოყენებაზე კონტროლს მოსკოვი შეინარჩუნებს.