Accentnews.ge
რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო ევროკავშირი საქართველოს დემარშს გამოუცხადებს

რუსეთთან ფრენების აღდგენის გამო ევროკავშირი საქართველოს დემარშს გამოუცხადებს

29/05/2023 12:27:48 პოლიტიკა

რუსეთთან პირდაპირი ფრენების აღდგენის გამო ევროკავშირი საქართველოს დემარშს გამოუცხადებს.

საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ინფორმაციით, ამ მიზნით საქართველოში ევროკავშირის ელჩი პაველ ჰერჩინსკი და ბლოკის ელჩები საქართველოს ვიცე-პრემიერს, ეკონომიკის მინისტრ ლევან დავითაშვილს დღეს 17:00 საათზე შეხვდებიან.

ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა ევროკავშირის ქვეყნები საქართველოს დემარშს გადასცემენ. ასე მოხდა 2023 წლის თებერვალშიც პატიმრობაში მყოფ ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილთან დაკავშირებით.

10 მაისს რუსეთის პრეზიდენტმა პუტინმა ხელი მოაწერა ბრძანებულებებს საქართველოსთან 2019 წლის ზაფხულიდან გაუქმებული პირდაპირი ავიამიმოსვლის აღდგენისა და 2000 წლიდან მოქმედი სავიზო რეჟიმის გაუქმების შესახებ. ამის შემდეგ საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ რუსულ და ქართულ ავიაკომპანიებს რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირი ფრენების დაწყების უფლება მისცა.

20 მაისიდან თბილისიდან მოსკოვში და პირიქით, რეგულარული ავიამიმოსვლა დაიწყო ქართულმა კომპანია "ჯორჯიან ეარვეისმა". მას კვირაში შვიდი რეისის ნებართვა სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ 16 მაისს მისცა. 19 მაისს დაიწყო პირდაპირი ფრენები რუსულმა ავიაკომპანია "აზიმუტმა", რომლის პირველი რეისის შესრულებასაც აეროპორტში საპროტესტო აქციით დახვდნენ.

საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ "ეს გაუმარტივებს ცხოვრებას რუსეთში მცხოვრებ მილიონ ქართველს“. მთავრობაში აგრეთვე აცხადებენ, რომ საქართველოში ფრენას მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და ხომალდები შეძლებენ. პოლიტიკოსებისა და მოქალაქეთა ნაწილი ავიამიმოსვლის აღდგენას აპროტესტებს. პარტნიორებმა კი საქართველო შესაძლო სანქციების შესახებ არაერთხელ გააფრთხილეს.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S