ჰერჩინსკი: ვიცე-პრემიერმა უკვე მოსმენილი არგუმენტები გადმოგვცა, აქ პოლიტიკურად უფრო მნიშვნელოვანი მომენტი გვეკარგება
29/05/2023 15:03:10 პოლიტიკა
ვიცე-პრემიერმა გადმოგვცა არგუმენტები, რაც ჩვენ უკვე მოსმენილი გვქონდა საქართველოს მთავრობისგან – უზრუნველყოფენ, რომ არც ერთი სანქცირებული ავიახაზები და არც დასავლეთში წარმოებული თვითმფრინავი გამოყენებული არ იქნება, თუმცა, სამწუხაროდ, აქ პოლიტიკურად უფრო მნიშვნელოვანი მომენტი გვეკარგება, – ამის შესახებ საქართველოში ევროკავშირის ელჩმა, პაველ ჰერჩინსკიმ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრ ლევან დავითაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.
„მინდა, შეგახსენოთ, რომ ევროკავშირმა კოლექტიურად გადაწყვიტა, აეკრძალა ყველანაირი ფრენები რუსეთიდან და რუსეთში, ყველა სახის რუსული თვითმფრინავის, ევროკავშირის ტერიტორიაზე. ეს ძალიან მნიშვნელოვანი ნაბიჯია 27-ვე წევრი სახელმწიფოსა და სხვა პარტნიორი ქვეყნების მიერ, რათა ზეწოლა განახორციელონ რუსეთზე და შეცვალონ მისი ქცევა უკრაინის მიმართ“,- განაცხადა ჰერჩინსკიმ.
ჰერჩინსკის თქმით, ის საქმის კურსში არ არის, მიმდინარეობს თუ არა რაიმე დისკუსია საქართველოსთვის სანქციების შესაძლო დაწესების საკითხზე.
„მე საქმის კურსში არ ვარ ევროკავშირში მიმდინარე რაიმე დისკუსიების შესახებ, რომელიც საქართველოს მთავრობისთვის რაიმე სანქციების დაწესებას ეხება“,- განაცხადა ევროკავშირის ელჩმა.
ცნობისთვის: რუსეთმა 10 მაისს მოხსნა შეზღუდვა საქართველოსთან პირდაპირ ფრენებზე. მოსკოვში ამ გადაწყვეტილებას „ჰუმანიტარული ხასიათის“ უწოდეს.
საქართველოს ხელისუფლება მოსკოვის გადაწყვეტილებას მიესალმება და ამბობს, რომ ეს გაუმარტივებს ცხოვრებას რუსეთში მცხოვრებ ქართველებს. მთავრობაში აგრეთვე აცხადებენ, რომ მხოლოდ არასანქცირებული კომპანიები და ხომალდები შეძლებენ ფრენას. პოლიტიკოსების და მოქალაქეთა ნაწილი ავიამიმოსვლის აღდგენას აპროტესტებს.
ფრენების ნებართვა უკვე მიიღო სამმა კომპანიამ – რუსულმა „აზიმუტმა“, Red Wings-მა და ქართულმა „Georgian Airways-მა“.
ფრენების აღდგენას კრიტიკულად უყურებენ აშშ და ევროკავშირი.


