Accentnews.ge
კობახიძე: დასავლელი ლიდერები ამბობენ, რომ რუსეთმა არ აპატია უკრაინას NATO-სკენ სწრაფვა, ამას არ ფიქრობს არც ღარიბაშვილი, არც კობახიძე და არც გუნდის რომელიმე წევრი, აქ საუბარია ფაქტის კონსტატაციაზე

კობახიძე: დასავლელი ლიდერები ამბობენ, რომ რუსეთმა არ აპატია უკრაინას NATO-სკენ სწრაფვა, ამას არ ფიქრობს არც ღარიბაშვილი, არც კობახიძე და არც გუნდის რომელიმე წევრი, აქ საუბარია ფაქტის კონსტატაციაზე

30/05/2023 10:20:38 პოლიტიკა

დასავლელი ლიდერები ამბობენ იმას, რომ რუსეთმა არ აპატია უკრაინას NATOს-კენ სწრაფვა. დასავლელი ლიდერების არაერთი განცხადებაა. ამას არ ფიქრობს არც ირაკლი ღარიბაშვილი, არც ირაკლი კობახიძე და არც გუნდის რომელიმე წევრი, აქ საუბარია ფაქტის კონსტატაციაზე, - ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების შეკითხვას, რომელიც პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის მიერ ბრატისლავაში, გლობალური უსაფრთხოების ფორუმის (GLOBSEC) ფარგლებში, თემატურ დისკუსიაში მონაწილეობისას გაკეთებული განცხადებების შეფასებას შეეხებოდა.

მისივე თქმით, NATO-ში გაწევრიანებაზე საქართველოს პოზიცია კონსტიტუციაში წერია.

„დასავლელი ლიდერები ამბობენ ამას, რომ რუსეთმა არ აპატია უკრაინას NATO-სკენ სწრაფვა. არაერთი განცხადებაა. არის ეს პოზიცია, დამოკიდებულება და შეხედულება, რომ უკრაინა დაისაჯა NATO-ში გაწევრიანების სურვილისთვის. ამას არ ფიქრობს არც ირაკლი ღარიბაშვილი, არც ირაკლი კობახიძე და არც გუნდის რომელიმე წევრი. ამაზე არ ყოფილა საუბარი, აქ საუბარია ფაქტის კონსტატაციაზე, რომელიც არაერთხელ განუხორციელებიათ დასავლელ პოლიტიკურ ლიდერებსაც. საუბარია რაზე, რუსეთს არ მოსწონდა უკრაინის სწრაფვა NATO-სკენ და სამხედრო აგრესიის ერთ-ერთი მიზეზი იყო ეს. ეს არის ფაქტის კონსტატაცია. [NATO-ში გაწევრიანებაზე] ჩვენი პოზიცია წერია საქართველოს კონსტიტუციაში, ჩემი ხელით დავწერე ეს პუნქტი. რაც შეეხება სტრატეგიული მოთმინების პოლიტიკაზე ირაკლი ღარიბაშვილის გაკეთებულ განცხადებას, სტრატეგიული მოუთმენლობის პოლიტიკამ 2008 წელს გამოიწვია საქართველოს მაშინდელი ხელისუფლების მიერ პუტინისთვის ტერიტორიების 20%-ის ჩაბარება. ეს იყო სტრატეგიული მოუთმენლობის პოლიტიკა, რბილად რომ ვთქვათ, აქ მხოლოდ მოუთმენლობა არ იყო პრობლემა, ეს იყო უმძიმესი ავანტიურა, რა დროსაც წინა ხელისუფლებამ, სააკაშვილმა, მისმა რეჟიმმა, „ნაცმოძრაობამ“ ჩააბარა რუსეთის ფედერაციას მისი ტერიტორიების 20%. სწორედ ეს იყო სტრატეგიული მოუთმენლობის პოლიტიკის შედეგი. ჩვენ გვაქვს პრაგმატული პოლიტიკა და ამ პრაგმატული პოლიტიკის შედეგია ის, რომ „ქართული ოცნების“ ხელისუფლება არის პირველი ხელისუფლება, დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში, რომელსაც ომი არ ჰქონია. ეს არის პრაგმატული პოლიტიკის შედეგი“, - განაცხადა კობახიძემ.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე გამართულ დისკუსიაზე განაცხადა, რომ რუსეთის უკრაინაში შეჭრის „ერთ-ერთი მიზეზი“ ამ უკანასკნელის NATO-ში გაწევრიანების განზრახვა იყო.

აღნიშნული კითხვა პრემიერ ღარიბაშვილს ბრატისლავაში მიმდინარე დისკუსიის მოდერატორმა დაუსვა და ჰკითხა, მისი აზრით, რატომ დაიწყო რუსეთმა უკრაინაში ომი, რაზეც ღარიბაშვილი პასუხობს — „ყველამ იცის მგონი მიზეზი“:

„ერთ-ერთი მიზეზი იყო NATO, NATO-ს გაფართოება — ხომ ასეა? და ბევრი სხვა მიზეზი“, — თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

მოდერატორის დამატებით კითხვაზე ფიქრობდა თუ არა ის, რომ NATO-ს გაფართოება იყო ომის პროვოცირება, ღარიბაშვილი აცხადებს, რომ არ სურს ამაზე სპეკულირება და არც რუსეთის მთავრობის ციტირება უნდა, მაგრამ მისი თქმით, „ერთ-ერთი მიზეზი“ ომის დაწყების სწორედ ეს იყო:

„არ მინდა ამაზე სპეკულირება, არც ციტირება მინდა რუსეთის მთავრობის, მაგრამ ერთ-ერთი მიზეზი იყო უკრაინის ნება და განზრახვა რომ გამხდარიყო NATO-ს წევრი და ამიტომ ჩვენ ვხედავთ შედეგებს,“ — აცხადებს ირაკლი ღარიბაშვილი.

უკრანის ომთან დაკავშირებით საერთაშორისო თანამეგობრობის პოზიციაა, რომ რუსეთის აგრესია არ იყო პროვოცირებული. „არაპროვოცირებული აგრესიული ომი,“ — ასე მოიხსენიებენ რუსეთის მიერ წამოწყებულ ომს უკრაინის ტერიტორიაზე ოფიციალურ განცხადებებში.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S