Accentnews.ge
სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს შეხვდა

სალომე ზურაბიშვილი შარლ მიშელს შეხვდა

30/05/2023 13:40:47 პოლიტიკა

30 მაისს, საქართველოს პრეზიდენტი ბრიუსელში შეხვდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს.

ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, პრეზიდენტებმა განიხილეს საქართველოს ევროპული მომავალი.

შეხვედრისას პრეზიდენტმა მიშელმა ისაუბრა ევროპული საბჭოს 2022 წლის ივნისის ისტორიულ გადაწყვეტილებაზე, რომელმაც მისცა საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ამ გადაწყვეტილებით კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.

პრეზიდენტ მიშელის განცხადებით, ევროპული საბჭოს კომისია საშემოდგომო „გაფართოების პაკეტის“ ფარგლებში მოამზადებს ანგარიშს საქართველოსთვის მიცემული 12 რეკომენდაციის შესრულების შესახებ, ხოლო ამის შემდეგ, 2023 წლის ბოლო კვარტალში, პრეზიდენტი მიშელი გეგმავს შეიტანოს სამომავლო ნაბიჯების საკითხი ევროპული საბჭოს დღის წესრიგში.

სალომე ზურაბიშვილმა და შარლ მიშელმა შეხვედრისას განიხილეს საქართველოსთვის მიცემული 12 რეკომენდაციის შესრულების პროცესში არსებული გამოწვევებიც. მიშელმა ხაზი გაუსვა, რომ აუცილებელია მეტი პროგრესი ისეთ საკითხებში, როგორიცაა მართლმსაჯულების რეფორმა, მედიის თავისუფლება, დეოლიგარქიზაცია და დეპოლარიზაცია.

ევროპული საბჭოს მიერ გავრცელებული პრესრელიზის თანახმად, პრეზიდენტმა მიშელმა დადებითად შეაფასა საქართველოს პრეზიდენტის როლი საქართველოს ევროპული გზის მხარდაჭერასა და პარტიათაშორის უთანხმოებების დაძლევაში და მიიღო უახლოეს მომავალში საქართველოში მიწვევის შეთავაზება.

სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში 29 მაისს გაემგზავრა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი გარდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა, შეხვედრებს გამართავს ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან.

13-წლიანი პაუზისა და აპრილში ერთხელ უკვე გადადებული ვიზიტის შემდეგ კი საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს 31 მაისს სიტყვით მიმართავს.

ევროპელი დეპუტატები სალომე ზურაბიშვილის მოსასმენად 18 აპრილისთვის ემზადებოდნენ და ეს საკითხი პლენარული სხდომის დღის წესრიგშიც იყო გათვალისწინებული, თუმცა, აპრილის შუა რიცხვებში გაირკვა, რომ პრეზიდენტი სტრასბურგში აღარ ჩავიდოდა.

პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ „უმნიშვნელოვანესი ვიზიტი“ პრეზიდენტმა „საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო“ გადადო.

მთავრობის ადმინისტრაციამ განცხადებით კი პრეზიდენტმა ზეპირი თანხმობა „ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში“ მიიღო, რასაც 13 აპრილს მოჰყვა „წერილობითი თანხმობა“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის „დაზუსტებულ წერილზე“. შუალედში, მთელი ამ კვირების განმავლობაში, მთავრობის ინფორმაციით, „მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი და ტექნიკური დეტალების დაზუსტება“.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S