ადმინისტრაცია: პრეზიდენტმა მიშელი საქართველოში მოიწვია, მან ვიზიტისათვის მზადყოფნა გამოთქვა
30/05/2023 14:32:57 პოლიტიკა
საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა და ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბრიუსელში შეხვედრა გამართეს.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ევროპული მომავალი, 12 რეკომენდაციისა და რეფორმების განხორციელებაში არსებული გამოწვევების საკითხი.
მათივე ცნობით, პრეზიდენტმა შარლ მიშელი საქართველოში ვიზიტით მოიწვია, ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა მოწვევა მიიღო და უახლოეს პერიოდში ვიზიტისათვის მზადყოფნა გამოთქვა.
როგორც ადმინისტრაცია აცხადებს, მიშელმა დადებითად შეაფასა პრეზიდენტის როლი საქართველოს ევროპულ გზაზე მსვლელობის პროცესში და პარტიული დაყოფების დაძლევაში.
„პრეზიდენტმა მიშელმა ევროპული პერსპექტივის მინიჭების შესახებ ევროპული საბჭოს 2022 წლის ივნისის ისტორიული გადაწყვეტილება გაიხსენა და კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა მის მტკიცე რწმენას, რომ საქართველოს მომავალი ევროკავშირშია.
საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან ხაზი გაესვა ქვეყნის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას. პრეზიდენტმა კიდევ ერთხელ გამოხატა ქართველი ხალხის ურყევი ნება ევროკავშირში გაწევრიანებასთან დაკავშირებით.
პრეზიდენტმა მიშელმა აღნიშნა, რომ კომისია შემოდგომით, ,,გაფართოების პაკეტის“ ფარგლებში, ანგარიშს მოამზადებს ევროკომისიის 12 რეკომენდაციის შესახებ, რის შემდეგაც პრეზიდენტი მიშელი გეგმავს, რომ 2023 წლის ბოლო კვარტალში ევროპული საბჭოს დღის წესრიგში შემდეგი ნაბიჯების საკითხი წამოაყენოს.
პრეზიდენტმა მიშელმა ხაზი გაუსვა, რომ საჭიროა მეტი პროგრესი მართლმსაჯულების რეფორმასთან, მედიის თავისუფლებებთან, სამოქალაქო საზოგადოებასთან, დეოლიგარქიზაციასა და დეპოლარიზაციასთან დაკავშირებულ საკითხებზე“, – ნათქვამია პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.
სალომე ზურაბიშვილი სამუშაო ვიზიტით ბრიუსელში 29 მაისს გაემგზავრა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილი გარდა ევროპული საბჭოს პრეზიდენტისა, შეხვედრებს გამართავს ევროკომისიის პრეზიდენტ ურზულა ფონ დერ ლაიენთან და ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლასთან.
13-წლიანი პაუზისა და აპრილში ერთხელ უკვე გადადებული ვიზიტის შემდეგ კი საქართველოს პრეზიდენტი ევროპარლამენტს 31 მაისს სიტყვით მიმართავს.
ევროპელი დეპუტატები სალომე ზურაბიშვილის მოსასმენად 18 აპრილისთვის ემზადებოდნენ და ეს საკითხი პლენარული სხდომის დღის წესრიგშიც იყო გათვალისწინებული, თუმცა, აპრილის შუა რიცხვებში გაირკვა, რომ პრეზიდენტი სტრასბურგში აღარ ჩავიდოდა.
პრეზიდენტის ადმინისტრაციამ განმარტა, რომ „უმნიშვნელოვანესი ვიზიტი“ პრეზიდენტმა „საქართველოს მთავრობის მხრიდან ხელოვნურად გაჭიანურებული თანხმობის მიღების პროცესის გამო“ გადადო.
მთავრობის ადმინისტრაციამ განცხადებით კი პრეზიდენტმა ზეპირი თანხმობა „ჯერ კიდევ მარტის დასაწყისში“ მიიღო, რასაც 13 აპრილს მოჰყვა „წერილობითი თანხმობა“ პრეზიდენტის ადმინისტრაციის „დაზუსტებულ წერილზე“. შუალედში, მთელი ამ კვირების განმავლობაში, მთავრობის ინფორმაციით, „მიმდინარეობდა სამუშაო პროცესი და ტექნიკური დეტალების დაზუსტება“.


