პრემიერი: "მე ამაყი ვარ ქართული პოლიციით, ჩვენ ევროპული სტანდარტების, მაღალპროფესიული პოლიცია გვყავს"
31/05/2023 08:03:24 პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა პოლიციელებს პროფესიული დღე მიულოცა.
„ჩვენი ქვეყნისა და ხალხის ინტერესების, თითოეული მოქალაქის უსაფრთხოების დამცველი, ძლიერი და მუდამ განვითარების პროცესში მყოფი პოლიცია ჩვენი სახელმწიფოს სიძლიერისა და წინსვლის აუცილებელი პირობაა. მე ამაყი ვარ ქართული პოლიციით. მეამაყება, რომ ჩვენი პოლიცია სწორედ ასეთია. თამამად შეიძლება ითქვას, რომ ჩვენ ნამდვილად ევროპული სტანდარტების, თანამედროვე და რაც მთავარია, მაღალპროფესიული პოლიცია გვყავს. ეს, რა თქმა უნდა, ბოლო წლების მასშტაბური რეფორმების შედეგია, ეს არის მინისტრის, ვახტანგ გომელაურისა და მისი გუნდის ეფექტიანი მუშაობის შედეგი და რა თქმა უნდა, ეს არის თითოეული თქვენგანის დაუღალავი, ერთგული მუშაობის შედეგი. თქვენ შეძელით ის, რაც არცთუ შორეულ წარსულში, ბევრს წარმოუდგენლად მიაჩნდა. თქვენ მოიპოვეთ ხალხის სრული ნდობა, განსაკუთრებული პატივისცემა და სიყვარული, ამიტომ თქვენთან ერთად ამ დღეს მივულოცავ ჩვენს ხალხს. კანონის, საზოგადოებისა და ქვეყნის ერთგულებით, 24-საათიანი დაძაბული შრომით, ხშირად საკუთარი სიცოცხლის რისკის ფასად, სხვათა სიცოცხლეზე ზრუნვით, თქვენ ფასდაუდებელ სამსახურს ეწევით ჩვენი მოქალაქეების უსაფრთხოებისა და ჩვენი სამშობლოს კეთილდღეობისთვის “, - განაცხადა პრემიერმა პოლიციელის დღისადმი მიძღვნილ საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას.


