Accentnews.ge
გერმანელი მინისტრი თბილისს 4–დღიანი ვიზიტით ეწვია: „ჩვენ თქვენ არ დაგვიწყებიხართ, თქვენ არ ხართ მარტო!"

გერმანელი მინისტრი თბილისს 4–დღიანი ვიზიტით ეწვია: „ჩვენ თქვენ არ დაგვიწყებიხართ, თქვენ არ ხართ მარტო!"

31/05/2023 08:15:28 პოლიტიკა

გერმანიის ჰესენის ფედერალური მხარის ევროპის საკითხთა მინისტრი ლუცია პუტრიხი ოთხდღიანი ვიზიტით საქართველოს ეწვია.

როგორც საქართველოში გერმანიის საელჩო აცხადებს, რომ "ეს ვიზიტი ერთის მხრივ, საქართველოს ევროკავშირთან დაახლოების კუთხით ამჟამინდელი მდგომარეობის გაცნობას ემსახურება და მეორეს მხრივ, ეს უნდა იყოს ევროკავშირისკენ მიმავალ გზაზე გერმანიის მხრიდან საქართველოს მხარდაჭერის მკაფიო გამოხატულება".

პუტრიხის თქმით, „საქართველოს ევროპული პერსპექტივა აქვს“.

საელჩოს ცნობით, გამომგზავრებამდე ევროპის საკითხთა მინისტრმა, ქალბატონმა ლუცია პუტრიხმა საქართველოს უახლესი ისტორია გაიხსენა და განაცხადა შემდეგი: „სამხრეთ ოსეთთან და აფხაზეთთან დაკავშირებული კონფლიქტები ძალიან ჰგავს ამჟამინდელ ომს უკრაინაში. ჩვენს ინტერესებშია, რომ რუსეთსა და საქართველოს შორის მშვიდობა შენარჩუნდეს. მაგრამ ეს მხოლოდ იმ შემთხვევაში იქნება შესაძლებელი, თუ რუსეთი დაიცავს საერთაშორისო შეთანხმებებს და პატივს სცემს მეზობელი ქვეყნების საზღვრებს. ამიტომ ამ ვიზიტის მიზანი ასევე არის მკაფიო გზავნილი საქართველოსთვის: „ჩვენ თქვენ არ დაგვიწყებიხართ, თქვენ არ ხართ მარტო!“.

დიპლომატიური უწყების ინფორმაციით, ვიზიტის ფარგლებში ქალბატონი მინისტრი შეხვედრებს გამართავს საქართველოს მთავრობისა და პარლამენტის წევრებთან, მათ შორის – საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილესთან, ბატონ ლაშა დარსალიასთან, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილესთან, ბატონ გენადი არველაძესთან, პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარესთან, ქალბატონ მაკა ბოჭორიშვილთან და საქართველო-გერმანიის მეგობართა საპარლამენტო ჯგუფის წევრებთან.

საელჩოს ცნობით, 2 ივნისს იგი გაემგზავრება გორში და ეწვევა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას (EUMM), რომელშიც მონაწილეობს 200 დამკვირვებელი ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან. ქალბატონი მინისტრი ასევე შეხვდება ორ პოლიციელს ჰესენის ფედერალური მხარიდან, რომლებიც მისიაში მსახურობენ.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S