Accentnews.ge
პაპუაშვილი დასავლეთის კრიტიკას "უსამართლოს" უწოდებს: "პრემიერის სიტყვებმა მცდარი ან განზრახ დამახინჯებული ინტერპრეტაციები გამოიწვია"

პაპუაშვილი დასავლეთის კრიტიკას "უსამართლოს" უწოდებს: "პრემიერის სიტყვებმა მცდარი ან განზრახ დამახინჯებული ინტერპრეტაციები გამოიწვია"

31/05/2023 06:52:09 პოლიტიკა

პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილი "უსამართლოს" უწოდებს კრიტიკას, რომელიც პრემიერ–მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის გუშინდელ განცხადებას მოჰყვა.

როგორც პაპუაშვილი "ტვიტერში" პირად გვერდზე გამოქვეყნებულ ვრცელ "პოსტში" წერს, ღარიბაშვილის განცხადებამ, რომლის თანახმად, უკრაინაში რუსეთის სრულმასშტაბიანი შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი ქვეყნის ნატო–ში გაწევრიანების სურვილი იყო, "განსხვავებული და დიდწილად მცდარი ან განზრახ დამახინჯებული ინტერპრეტაციები გამოიწვია".

"ჩვენ გვაქვს უფლება ეჭვქვეშ დავაყენოთ ზოგიერთი ჩვენი მეგობრის და კრიტიკოსის დამოკიდებულებები, რადგან საქართველომ არაერთხელ განიცადა უსამართლო, თითქმის ფარისევლური მოპყრობა", - წერს პაპუაშვილი.

პარლამენტის თავმჯდომარე ამბობს, რომ დასავლეთის ქვეყნებმა 2008 წლის ომის შემდეგ საქართველოსთვის იარაღის დე-ფაქტო ემბარგო დააწესეს და მალევე გამოაცხადეს რუსეთთან "გადატვირთვის პოლიტიკა". მისი თქმით, მომდევნო წლებში დასავლეთმა მოსკოვთან საგარეო ვაჭრობა უპრეცედენტო დონემდე გაზარდა და დასავლეთის ბევრ ქვეყანას დღემდე ეშინია, რუსეთის ქმედებებს საქართველოს ოკუპაცია უწოდეს.

პაპუაშვილი აღნიშნავს, რომ რუსული აგრესია 2008 წლის ომის შემდეგაც გაგრძელდა უკანონო ბორდერიზაციით, ფარული ანექსიითა და საქართველოს მოქალაქეების გატაცებით.

"ამის მიუხედავად, საქართველო მტკიცედ ინარჩუნებს პროდასავლურ კურსს, ასევე შეაქვს დიდი წვლილი საერთაშორისო უსაფრთხოებაში, რაც ავღანეთში ერთ სულ მოსახლეზე ყველაზე დიდი კონტიგენტის გაგზავნით გამოიხატა", – წერს პარლამენტის თავმჯდომარე.

რაც შეეხება რუსეთთან „სტრატეგიული მოთმინების“ პოლიტიკას, პაპუაშვილის თქმით, ეს სწორედ დასავლეთის რჩევით იქნა ჩამოყალიბებული.

"დღეს კი, როცა დასავლეთის პოლიტიკა რუსეთის მიმართ რადიკალურად შეიცვალა, საქართველოს სწორედ ამ „სტრატეგიული მოთმინების“ პოლიტიკის გამო, რაც ასევე მოიცავდა ორმხრივ სანქციებზე უარს, საქართველოს ხელისუფლებას „პრორუსულს“ უწოდებენ, რაც დაუმსახურებელია რამდენიმე მიზეზის გამო. პირველი, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს წინააღმდეგ აგრესიული ომი უკრაინაში რუსეთის შეჭრაზე არანაკლებ სასტიკი და დამღუპველი იყო, იმ დროს რუსეთის აგრესიას დასავლეთის მხრიდან თითქმის არანაირი რეაქცია არ მოჰყოლია. ქართველები უარყოფითად აღიქვამენ დასავლელი პარტნიორების ასეთ არათანმიმდევრულ და უსაფუძვლო კრიტიკას. მეორე, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს დასავლეთის მხრიდან უსაფრთხოების გარანტიები პრაქტიკულად არ გააჩნია, ჩვენს ქვეყანას მუდმივად მოუწოდებენ "გაბედულად" იმოქმედოს. ეს უცნაურია, რადგან ჩვენს სტრატეგიულ პარტნიორებს კარგად ესმით, რომ საქართველოს არ შეუძლია ისეთივე წინააღმდეგობა გაუწიოს რუსეთს, როგორც ნატო-ს მე-5 მუხლის მფარველობის ქვეშ მყოფი მოკავშირე ქვეყნებს. მესამე, ზოგიერთი ჩვენი პარტნიორი გვსაყვედურობს იმის გამო, რომ პრაგმატულები ვართ რუსეთის მიმართ, რადგან არ ვაწესებთ ორმხრივი სანქციებს (თუმცა, არასოდეს დავუშვებთ სანქციების გვერდის ავლას საქართველოს ტერიტორიის ან ინსტიტუტების გავლით). ყველასთვის, უპირველეს ყოვლისა, ჩვენივე მოქალაქეებისთვის ნათელია, რომ საქართველოს მიერ რუსეთის მიმართ ორმხრივი სანქციების დაწესება საქართველოს ეკონომიკას გაანადგურებს, თუმცა რუსეთს მცირე ზიანს მიაყენებს. პირიქით, რუსეთის საპასუხო ქმედება საზიანო იქნება საქართველოს ეკონომიკისთვის და სახელმწიფოებრიობისთვის. მეოთხე, ქვეყნები, რომლებიც შედარებით ბოლოს შევიდნენ ნატო-სა და ევროკავშირში და ამით შეიძინეს გეოპოლიტიკური უსაფრთხოება (თუმცა კი გაწევრების დროს სრულყოფილები არ იყვნენ), ახლა ყველაზე ხმამაღლა გამოხატავენ შეშფოთებას საქართველოს მიმართ. ნატო-სა და ევროკავშირში შესვლისთვის საქართველოს ყველა მცდელობის მიუხედავად, ჩვენ დამსახურებულ საპასუხო ნაბიჯებს დასავლეთისგან არასოდეს ვიღებთ. საქართველო შარშან კანდიდატის სტატუსის გარეშეც კი დარჩა, მაშინ, როცა "ასოცირებულ ტრიოში" აშკარად მოწინავე პოზიცია გვქონდა. ამ ყველაფრის გათავალისწინებით ჩვენ თავისი სახელი უნდა დავარქვათ და ვუთხრათ ჩვენ დასავლელ პარტნიორებს, რომ გადაჭარბებული კრიტიკის ნაცვლად, დროა დაგვეხმარონ უსაფრთხოების მძიმე მდგომარეობის დაძლევაში და ნატოსა და ევროკავშირში ჩვენი დამსახურებული წევრობის მიღებაში. უკვე 15 წელზე მეტია, ბურთი დასავლეთის მხარესაა, როგორც ევროკავშირის, ისე ნატო-ს მოედანზე", – წერს პაპუაშვილი.

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S