კობახიძე: ზელენსკი საუბრობდა ნატო-ში შესვლის გადაფიქრებაზე, მას თუ აქვს ამაზე საუბრის უფლება, ჩვენ რატომ არ გვაქვს?
31/05/2023 09:12:53 პოლიტიკა
"ზელენსკი საუბრობდა ნატო-ში შესვლის გადაფიქრებაზე, მას თუ აქვს ამაზე საუბრის უფლება, ჩვენ რატომ არ გვაქვს?", – ასე უპასუხა „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტების კითხვას პრემიერ–მინისტრის გუშინდელ განცხადებასთან დაკავშირებით.
მან ამ თემაზე ყურადღების გამახვილებას "თითიდან გამოწოვილი სპეკულაციები" უწოდა.
„ზელენსკის თუ აქვს ამაზე საუბრის უფლება, ჩვენ არ გვაქვს? ან პრემიერს, ან მე, ან სხვას, რატომ არ გვაქვს ამაზე საუბრის უფლება, როცა ზელენსკი საუბრობს ამ ყველაფერზე. აქედან ჩანს, რომ ეს არის რაღაც თითიდან გამოწოვილი სპეკულაციები. თუმცა, საინტერესო რა არის, რომ გლობალურმა ომის პარტიამ ამ კამპანიაში ჩართო აბსოლუტურად ყველა აგენტი, როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე ქვეყნის გარეთ, მე მათ ვურჩევდი მომავალში ნაკლებად გააშიშვლონ ხოლმე ნებისმიერ ასეთ შემთხვევაში საკუთარი აგენტები, გამოაგორეს ძველი ნაფტალინიდან ამოღებული აგენტები, ახალი აგენტები, გამოაგორეს სცენაზე ლორა თორნთონი, საერთოდ არ გვახსოვდა და უცბად გამოაგორეს, NDI-ის ყოფილი ხელმძღვანელი, საერთოდ არავის ახსოვდა და ისეც კი გამოაგორეს სცენაზე. ყველა გლობალური ომის პარტიის ძველი თუ ახალი აგენტი ქვეყნის შიგნით, ქვეყნის გარეთ, გამოიყვანეს სცენაზე და ყველას ალაპარაკეს სრული აბსურდი, იმ სრულიად უწყინარ და ლოგიკურ განცხადებასთან დაკავშირებით, რომელიც გააკეთა პრემიერმა“, – განაცხადა კობახიძემ.
გუშინ ბრატისლავაში გამართულ გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი იყო ნატო-ს გაფართოება და უკრაინის სურვილი, გამხდარიყო ალიანსის წევრი. პრემიერის აღნიშნულ განცხადებას რიგი დასავლელი პოლიტიკოსების მრიდან კრიტიკა მოჰყვა.


