ევროპარლამენტის პრეზიდენტი: მზად ვართ, მხარი დავუჭიროთ საქართველოს, გახდეს ევროკავშირის განუყოფელი ნაწილი, ქვეყანაზეა დამოკიდებული ამ გზის გავლა და საკუთარი მომავლის არჩევა
31/05/2023 14:07:28 პოლიტიკა
ევროპარლამენტის პრეზიდენტ რობერტა მეცოლას განცხადებით, ბრიუსელი მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს, გახდეს ევროკავშირის განუყოფელი ნაწილი, საქართველოზეა დამოკიდებული ამ გზის გავლა და საკუთარი მომავლის არჩევა“.
"უნდა ვიმუშაოთ მეტი, რათა საქართველომ მიიღოს ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი და ქართველმა ხალხმა არ გამოტოვოს ისტორიული შესაძლებლობა. ამისთვის უნდა ვიხილოთ ხელშესახები ნაბიჯები რამდენიმე რეკომენდაციაზე, როგორებიცაა: დემოკრატიის დაცვა, კანონის უზენაესობა, ადამიანის უფლებების დაცვა, მედიის თავისუფლება და ჟურნალისტების დაცვა, დაპატიმრებულთა ფუნდამენტური უფლებებისა და ღირსების დაცვა. აქვე გავიმეორებ, რომ ჩვენ უკვე გამოვხატეთ შეშფოთება მიხეილ სააკაშვილის სიტუაციაზე“, - განაცხადა მეცოლამ ევროპარლამენტში საქართველოს პრეზიდენტის სალომე ზურაბიშვილის წარდგენისას.
მან პრეზიდენტ ზურაბიშვილს ქართველი ხალხის ევროპული მისწრაფებების ერთგულებისათვის მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ მისი იმედი აქვს პოლარიზაციის შემსუბუქებაში:
„ქალბატონო პრეზიდენტო, გიწონებთ სიძლიერეს, რომლითაც მიუძღვებით წინ თქვენს ქვეყანას. გვაქვს თქვენი იმედი პოლიტიკური და სოციალური პოლარიზაციის შემსუბუქებაში საქართველოში“.


