"ოცნებაში" პრეზიდენტის გამოსვლას ეხმიანებიან: "დღეს იყო გაცილებით დარბილებული ტონი, რაც ხალხის რეაქციამ უზრუნველყო"
31/05/2023 15:59:41 პოლიტიკა
„დღეს იყო გაცილებით დარბილებული ტონი, რაც ხალხის რეაქციამ უზრუნველყო", – ასე ეხმიანება საქართველოს პარლამენტის ფრაქცია „ქართული ოცნების" თავმჯდომარე მამუკა მდინარაძე პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ევროპარლამენტში დღევანდელ გამოსვლას.
მისი თქმით, პრეზიდენტმა ამჯერად დაბალანსებულად ილაპარაკა, რაც განსხვავდება საქართველოში მისი სიტყვით გამოსვლებისგან.
„ქალბატონ სალომეს ალბათ, უნდა ავუხსნათ, რომ საქართველოს პარლამენტში როდესაც გამოდის, 26 მაისის ღონისძიებაზეც რომ გამოდის, ეს ყველაფერიც გადის ქვეყნის ფარგლებს გარეთ. 23 წელია და თანამედროვე ტექნოლოგიები იძლევა იმის საშუალებას, რომ საქართველოში მისი გამოსვლებიც გაიგონ უცხოელებმა. ამიტომ აქ სხვანაირი ლაპარაკი, იქ შედარებით დაბალანსებული ლაპარაკი... არ აქვს მნიშვნელობა, სად გამოვა. პარტნიორები ამ ყველაფერს ისმენენ", - განაცხადა მამუკა მდინარაძემ.
მისი თქმით, პრეზიდენტის სიტყვაში „პატარ-პატარა არაობიექტური ამბებიც იყო", თუმცა მას სთხოვს, რომ საქართველოშიც დაბალანსებულად ილაპარაკოს.


