სტანომ ღარიბაშვილის განცხადება შეაფასა და რუსეთის ომის მიზეზები ჩამოთვალა
31/05/2023 16:04:03 პოლიტიკა
ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენლის ჯოზეფ ბორელის პრეს-სპიკერმა პიტერ სტანომ საქართველოს პრემიერ–მინისტრის გუშინდელი განცხადება შეაფასა და რუსეთის ომის მიზეზები ჩამოთვალა.
"იმის მიუხედავად, რომ ჩვენ სხვების განცხადებებზე ჩვეულებრივ კომენტარს არ ვაკეთებთ, ევროკავშირისთვის სრულიად ნათელია, რომ უკრაინის წინააღმდეგ პუტინის ომის მიზეზი იყო:
- მისი ნეო-იმპერიალისტური ამბიციები და სურვილი, რომ ბნელი წარსულის დაძველებული გავლენის ზონები ხელახლა შეექმნა;
- მისი გაცხადებული მიზანი, რომ გაენადგურებინა უკრაინა და უკრაინელი ხალხი, რადგან მისი მტკიცებით, ისინი რეალურად არ უნდა არსებობდნენ როგორც დამოუკიდებელი ქვეყანა და ერი;
- ის ვერ იტანს, რომ რუსეთის ირგვლივ მყოფი ქვეყნები წყვეტენ თავიანთ მომავალს და თავად ირჩევენ საკუთარ მოკავშირეებს, მოსკოვთან კონსულტაციების გარეშე;
- მას სურდა უკრაინის განადგურება, რათა თავიდან აიცილოს მასთან სიახლოვეს თანამედროვე, ევროპული საზოგადოების გაჩენა, რომელიც დაფუძნებული იქნება კანონის უზენაესობაზე, დემოკრატიასა და მისი მოქალაქეების უფლებებისა თუ თავისუფლებების პატივისცემაზე;
- NATO-ში გაწევრიანების შესახებ მოსაზრება მხოლოდ პროპაგანდული მიზეზია, რომელიც მრავალი ქმედების გასამართლებლად კრემლის რეჟიმს არაერთხელ გამოუყენებია, იმის მიუხედავად, რომ შეჭრამდე და შეჭრის დროს უკრაინის NATO-ს წევრობა განხილვის საგანი არ ყოფილა.
ნებისმიერ შემთხვევაში, გასული წლის თებერვალში რუსეთის უკრაინაში სრულმასშტაბიანი შეჭრა იყო და არის დამოუკიდებელი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის სასტიკი დარღვევა. ის არღვევს გაეროს წესდება - ამ უკანონო ქმედების მიზეზებისა თუ მოტივების ძებნის ნაცვლად, ის უნდა დაიგმოს და შეჩერდეს", - განუცხადა სტანომ "ფორმულას".
გუშინ ბრატისლავაში გამართულ გლობალური უსაფრთხოების ფორუმზე ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ უკრაინაში რუსეთის შეჭრის ერთ-ერთი მიზეზი იყო ნატო-ს გაფართოება და უკრაინის სურვილი, გამხდარიყო ალიანსის წევრი.


