ზურაბიშვილი – სტატუსის მინიჭების საკითხზე: ოპტიმისტურად ვარ განწყობილი
31/05/2023 16:42:59 პოლიტიკა
ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლის შემდეგ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ბრიუსელში სამუშაო ვიზიტი ჟურნალისტებთან შეაჯამა.
მისი თქმით, საქართველოსთვის ევროკავშირის წევრი ქვეყნის სტატუსის მინიჭების საკითხში ოპტიმისტურად არის განწყობილი.
„მე ყოველთვის ვარ ოპტიმისტი. საერთოდ, ოპტიმიზმი ამართლებს. მინდა, ვთქვა ის, რომ ჩემი შეხვედრები აქ [ბრიუსელში] გუშინ და დღეს მაძლევს იმის იმედს, რომ შეიძლება, ვიყოთ ოპტიმისტები. ეს არ ნიშნავს, რომ ყველაფერი გამართულად გვაქვს და არაფერი არ გვაქვს გასაკეთებელი. კარგად ვიცით, რა გვაქვს გასაკეთებელი, ყველას თავისი ადგილი და დანიშნულება აქვს ამ გზაზე. ყველამ თუ ყველაფერი გააკეთა, ძალიან დიდი შანსი არის ჩვენ გვცნონ და მოგვცენ ის, რაც გვეკუთვნის ნამდვილად. მე ასევე მივიღე, პირობას ვერ ვიტყვი, მაგრამ შარლ მიშელმაც და ურსულა ფონ დერ ლაიენმა, ორივემ თქვეს, რომ აპირებენ ჩამოსვლას [საქართველოში]. ასევე [ევროპის] პარლამენტის თავმჯდომარეც [რობერტა მეცოლა] აპირებს ჩამოსვლას. ეს სამი ადამიანი თუ ჩამოდის ჩვენთან, ამ მომავალი თვეების მანძილზე, ამ ექვს თვეში, ეს იმას ნიშნავს, რომ საქართველოსთვის არ უთქვამთ უარი და ხედავენ, რამდენად მნიშვნელოვანია. ეს არ უნდა გამოვიყენოთ, არ უნდა ჩავთვალოთ, რომ ჩვენ ამის გამო შეგვიძლია, მოვიქცეთ „ცუდად“. ეს არის ყველას გასაკეთებელი", – განაცხადა ზურაბიშვილმა.
მან აქცენტი საკუთარ სიტყვაზეც გააკეთა:
„იმასაც დავამატებდი, ვისაც ეგონა, რომ მე აქ ჩამოსვლისას შეიძლებოდა, რამე მეთქვა ჩვენი ქვეყნის წინააღმდეგ, ე.ი. არ მიცნობენ ჯერ და ჯობია გამიცნონ".
2023 წლის ოქტომბერში გახდება ცნობილი, გასცემს თუ არა ევროკომისია რეკომენდაციას საქართველოსთვის ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მინიჭებაზე. ევროკომისიის დასკვნის შემდეგ 2023 წლის ბოლომდე ევროპული საბჭოს ლიდერები საქართველოსა და სხვა ქვეყნების პროგრესს შეაფასებენ. გასულ წელს ევროკავშირმა უკრაინასა და მოლდოვას ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი, საქართველოს კი ევროპული პერსპექტივა მიანიჭა და კანდიდატის სტატუსის მისაღებად 12-პუნქტიანი წინაპირობა დაუწესა.


