გალერი – პრეზიდენტის მიერ გვარამიასა და სააკაშვილის შესაძლო შეწყალებაზე: "ვფიქრობ, მან შეიძლება, აზრი შეიცვალოს"
31/05/2023 19:31:15 პოლიტიკა
ევროპარლამენტარი მიხაილ გალერი არ გამორიცხავს, რომ პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა "მთავარი არხის" გენდირექტორ ნიკა გვარამიასა და ექს–პრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის შეწყალებაზე აზრი შეიცვალოს.
„სალომე ზურაბიშვილს ჰქონდა გამორჩეული სიტყვით გამოსვლა, ძალიან მკაფიო იყო უკრაინასთან, უკრაინელი ხალხის მიმართ სოლიდარობასთან, ევროპულ გზასა და საქართველოს ევროატლანტიკურ ინტეგრაციასთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს ორი ცნობილი საქმე, ბატონი სააკაშვილის და ბატონი გვარამიასი. მან მიანიშნა, რომ შეწყალება ადრე უკვე გაუკეთებია. ცხადია, ევროპარლამენტი ის ადგილი არ არის, სადაც ასეთი მნიშვნელოვანი თემების შესახებ შეიძლება, გამოაცხადო. ვფიქრობ, გარკვეული მოძრაობა შეინიშნება. ჩვენ, რა თქმა უნდა, ვისურვებდით, ორივე მათგანი შეეწყალებინათ. გვარამია იმ მიზეზით, რომ არაფერშია ბრალეული და სააკაშვილი, სულ მცირე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, რისი შესაძლებლობაც ზურაბიშვილს აქვს. ერთია, რას ამბობს სასამართლო და მეორე, პრეზიდენტის დისკრეცია, როდესაც ის შესაბამისად იყენებს მას, ეს ასევე ეხმარება საქართველოს წინსვლაში. ვფიქრობ, მან შეიძლება, აზრი შეიცვალოს. მე საქართველოში ვიყავი, როდესაც სააკაშვილი დაბრუნდა და ჩვენ ვესაუბრეთ პრეზიდენტს, თუმცა, მაშინ ძალიან მკაცრი იყო და ვიყავი ერთ-ერთი, რომელიც ურჩევდა სააკაშვილს, არ დაბრუნებულიყო. თუმცა, დრო გავიდა. ახლა ჯერი საქართველოზეა, თავის მხრივ, მკაფიო სიგნალი მისცეს, საით მიემართება და ასევე, ევროკავშირს საპასუხოდ მიეცეს შანსი, გასცეს ეს კანდიდატის სტატუსი, რაც ძალიან საჭიროა“, – აღნიშნა,"საზოგადოებრივი მაუწყებლის" ცნობით, მიხაილ გალერმა.
პრეზიდენტმა დღეს ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას შეწყალების დისკრეციულ უფლებამოსილებაზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ ის ყოველგვარი ზეწოლის გარეშე უნდა განხორციელდეს.


