რატომ (არ)დაანგრევს საქართველოს ეკონომიკას რუსეთისთვის ორმხრივი სანქციების დაწესება

01-06-2023 08:08:57 ეკონომიკა ,ანალიზი

საქართველოს მმართველი გუნდის განცხადებებიც და ქმედებებიც სულ უფრო მეტად ემსგავსება იმას, რასაც ჩვენს ქვეყანაში მტერი სახელმწიფოს საოკუპაციო რეჟიმთან კოლაბორაციაში მყოფი ხელისუფლება განაცხადებდა და გააკეთებდა.

„ქართული ოცნებისა“ და მასთან აფილირებული ღიად პრორუსული ჯგუფების წარმომადგენლების მხრიდან უკვე ყოველდღიურ რეჟიმში ინთხევა კრემლისტური სადეზინფორმაციო პროპაგანდის ნიაღვარი, რომლის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მდგენელი, პოლიტიკურისა და გეოპოლიტიკურის კვალდაკვალ, ეკონომიკურიცაა.

წმინდად თეორიულად წარმოვიდგინოთ, რის შთაგონებას ეცდებოდა დღეს მოსახლეობისთვის ხელისუფლება, რომელიც კოლაბორაციაში იქნებოდა საქართველოს უომრად დაპყრობისა და პუტინის სსრკ-2-ში შეთრევის მსურველ რუსეთთან... მაღალი ალბათობით - ყველაფერ იმის, რაც საქართველოს მაქსიმალურად დაასუსტებდა და რუსეთის პირისპირ დაუცველს დატოვებდა, ხომ? მათ შორის - იმის, რომ „ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების გარეშე საქართველო დაიღუპება“, ამდენად, ოკუპანტი სახელმწიფოს ეკონომიკური ექსპანსია „რეალურად, მხოლოდ დადებითი მოვლენაა საქართველოსთვის, ამდიდრებს ჩვენს ქვეყანას, წინ სწევს ეკონომიკას და შესაბამისად, კი არ უნდა ვაპროტესტებდეთ, უნდა მივესალმებოდეთ“.

ტრაგიკულია, მაგრამ ფაქტი, რომ სწორედ ეს გვესმის დღეს საქართველოს მმართველი გუნდის წარმომადგენლების მხრიდან. ამავე კონტექსტში ისინი გვარწმუნებენ, რომ მთელი ცივილიზებული სამყაროს, მათ შორის ათწლეულების განმავლობაში საქართველოს მხარდამჭერი და რუსეთისგან დამცველი დასავლელი პარტნიორების მიერ ზურგშექცეული პუტინის რეჟიმისთვის ორმხრივი სანქციების დაწესება საქართველოს დაღუპავდა როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური თვალსაზრისით.

მაგრამ მოდით, ვნახოთ, ასეა კი რეალურად?

ფაქტი ისაა, რომ რუსეთის მიერ 2006 წელს საქართველოსთვის დაწესებულმა ემბარგომ, ხოლო მოგვიანებით, 2008 წლის ომის შედეგად რუსეთთან ვაჭრობის მკვეთრმა შემცირებამ ჩვენი ეკონომიკა არათუ არ ჩამოანგრია, არამედ მხოლოდ სერიოზული ბიძგი მისცა როგორც ექსპორტის, ისე იმპორტის დივერსიფიცირებას. და ამ დივერსიფიცირებისთვის სრულიად შეუცვლელი იყო ვისი? - ვისი და დასავლელი პარტნიორების ტექნიკური დახმარება!

ისმის კითხვა: თუ ერთხელ მოვახერხეთ დივერსიფიცირება, რატომ ვერ მოვახერხებთ ახლა?

ამ საკითხებს საინტერესო კვლევა მიუძღვნა IDFI-მ, რომლის ანგარიში ორიოდ დღის წინ, 30 მაისს გამოქვეყნდა. მასში, კერძოდ, აღნიშნულია, რომ ხსენებული დივერსიფიცირების წყალობით ქვეყანამ ახალი სავაჭრო პარტნიორებიც შეიძინა და ძველებთან ვაჭრობაც გაზარდა. თუმცა 2013 წლიდან, „ქართული ოცნების“ მმართველობის პირობებში რუსეთთან ვაჭრობის წილის საგრძნობი ზრდა დაიწყო, რამაც დივერსიფიკაცია მნიშვნელოვნად გაართულა და რუსეთზე მზარდი ეკონომიკური ბმა გამოიწვია.

IDFI-ს ანგარიშში მოყვანილია სტატისტიკური მონაცემები, რომელიც ნათელს ჰფენს რეალობას:

ექსპორტის დივერსიფიცირების გამოცდილება

- 2005-2011 წწ. ექსპორტში რუსეთის წილი შემცირდა 17.76%-დან 1.67%-მდე ($117 მილიონით, $153.7 მილიონიდან $36.6 მილიონამდე)

- სანაცვლოდ 2005-2011 წწ. გაიზარდა ექსპორტი:

- აზერბაიჯანთან 9.64%-დან 19.48%-მდე ($342.5 მილიონით, $83.4 მილიონიდან $425.9 მილიონამდე)

- სომხეთთან 4.59%-დან 10.19%-მდე ($183.1 მილიონით, $39.7 მილიონიდან $222.8 მილიონამდე)

- აშშ-სთან 3.09%-დან 6.56%-მდე ($116.8 მილიონით, $26.7 მილიონიდან $143.5 მილიონამდე)

- უკრაინასთან 4.27%-დან 6.46%-მდე ($104.3 მილიონით, $36.9 მილიონიდან $141.2 მილიონამდე)

- 2013 წლიდან კი ექსპორტში რუსეთის წილი 1.97%-დან 2017 წ. 14.49%-მდე იზრდება ($351.1 მილიონით, $46.8 მილიონიდან $397.9 მილიონამდე)

იმპორტის დივერსიფიცირების გამოცდილება

- 2006-2011 წწ. ემბარგოს და ომის გამო რუსეთის წილი იმპორტში შემცირდა 15%-დან 5%-მდე ($167.4 მილიონით, $555.4 მილიონიდან $388.0მილიონამდე)

- სანაცვლოდ 2006-2011 წწ.

- იმპორტში თურქეთის წილი გაიზარდა 14%-დან 18%-მდე ($756.1 მილიონით, $522.6 მილიონიდან $1,278.7 მილიონამდე)

- იმპორტში ჩინეთის წილი გაიზარდა 3%-დან 7%-მდე ($424.4 მილიონით, $103.3 მილიონიდან $527.7 მილიონამდე)

- 2012 წლიდან კი რუსეთის, როგორც მნიშვნელოვანი საიმპორტო ქვეყნის წილი კვლავ იზრდება. 2012-2022 წწ. რუსეთის წილი საქართველოს იმპორტში გაიზარდა 6%-დან 14%-მდე ($1,358.7 მილიონით, $476.9 მილიონიდან $1,835.6 მილიონამდე)

- 2023 წლის იანვარ-აპრილის მონაცემების მიხედვით, კი რუსეთი უმსხვილეს საიმპორტო ქვეყნებს შორის მეორე ადგილს იკავებს 14%-იანი წილით ($622.3 მილიონი).

რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდის ფასი

რუსეთთან გაზრდილმა ვაჭრობამ და რუსული კაპიტალის ინექციებმა (რუსეთის მოქალაქეების ხარჯვა და დეპოზიტები) მოგვცა მოკლევადიანი ფისკალური და მონეტარული ეფექტი, თუმცა საშუალო და გრძელვადიან პერსპექტივაში რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულების ზრდას სერიოზული რისკები ახლავს, რაც მნიშვნელოვნად გადაწონის ამ მოკლევადიან ეფექტს, კერძოდ: საერთაშორისო პარტნიორების შერყეული ნდობა: ნდობის შერყევის მიზეზია რუსეთთან ქვეყნის სავაჭრო შუამავლობასთან დაკავშირებული ეჭვები, რის საფუძველსაც ჩვენს საერთაშორისო პარტნიორებს იმპორტის მკვეთრად გაზრდილი მონაცემები აძლევს.

რთულად წარმოსადგენია ქვეყნის ეკონომიკას წლიდან წლამდე ამდენით მეტი საქონელი დასჭირდეს:

რეექსპორტი:

2022 წელს 2021 წელთან შედარებით მკვეთრად გაიზარდა რეექსპორტი მესამე ქვეყნებში, კერძოდ 87%-ით მეტი მსუბუქი ავტომობილი ($935.4 მილიონიდან $1,756.1 მილიონამდე გაზრდილი იმპორტი), საიდანაც შესაძლოა გარკვეული წილი რუსეთში გაედინებოდეს. 2022 წელს, 2019 წელთან შედარებით, რეექსპორტი გაიზარდა 23.3%- ით ($171 მილიონით, $732.8 მილიონიდან, $903.8 მილიონამდე);

62.4%-ით მეტი ნავთობი და ნავთობპროდუქტები ($823 მილიონიდან $1,336 მილიონამდე გაზრდილი იმპორტი), რაც მესამე ქვეყნებში გაედინება. ეს კი ნიშნავს, რომ რუსეთს ნავთობის გასაღებაში ვეხმარებით, იმ დროს როცა სანქციების გამომყიდველები დაკარგეს. 2022 წელს, 2019 წელთან შედარებით რეექსპორტი გაიზარდა 5.3 ჯერ ($43.3 მილიონით, $8.1 მილიონიდან $51.4 მილიონამდე);

43.2%-ით მეტი სატელეფონო აპარატი ($225.9 მილიონიდან $323.6 მილიონამდე გაზრდილი იმპორტი). 2022 წელს, 2019 წელთან შედარებით რეექსპორტი გაიზარდა 18.2 ჯერ ($20.1 მილიონით, $1.1 მილიონიდან $21.2 მილიონამდე);

სხვა პროგნოზირებადი და გაცილებით უფრო მომგებიანი ბაზრების ვერათვისება: იმ სტრუქტურული პრობლემების გახანგრძლივება, რის გამოც ევროკავშირთან და სხვა ქვეყნებთან თავისუფალი თუ პრეფერენციული ვაჭრობის რეჟიმების შესაძლებლობებს ვერ ვითვისებთ. როცა ქვეყანა ერთ ალტერნატივას ირჩევს, სხვა ალტერნატივის არჩევის საშუალებას კარგავს. ეს არის ის, რასაც ეკონომიკაში ალტერნატიულ ღირებულებას ეძახიან;

ყველაფერს რომ თავი დავანებოთ, არსებობს თუ არა საქართველოში რაიმე ნორმატიული აქტი, რომელიც ამბობს, რომ მაგალითად, ორმაგი დანიშნულების ტვირთის რუსეთის ფედერაციაში შეტანა არის დანაშაული ან ექვემდებარება კონფისკაციას?! - არა!

დამოკიდებულების ზრდა უმდაბლესი მოთხოვნების ბაზარზე:

რუსეთი მსოფლიოში ყველაზე პოლიტიკურად მოტივირებული და შესაბამისად, არაპროგნოზირებადი ბაზარია, რომელმაც ათწლეულების მანძილზე უამრავი ქართველი მწარმოებელი „გააზარმაცა“ და სტანდარტები დაუწია, რაც პირდაპირ აისახება ნორმალურ ბაზრებზე ქართული პროდუქციის კონკურენტუნარიანობაზე.

დასკვნა

სადღეისოდ რუსეთისთვის ორმხრივი ეკონომიკური სანქციების დაწესება საქართველოსთვის, ცხადია, მოკლევადიანი შოკი იქნება, მაგრამ საშუალოვადიან პერსპექტივაში გამოიწვევს გაცილებით უფრო პროგნოზირებადი და მომგებიანი ბაზრების ფორსირებულად ათვისებას. ამ დივერსიფიცირების გარეშე კი საშუალოვადიან პერიოდში ხელშესახებ ეკონომიკურ ზრდას ვერ მივაღწევთ.

ამავდროულად, თუ საქართველოს მიერ რუსეთისთვის დასავლური სანქციების გვერდის ავლაში დახმარების შესახებ უკვე არაერთგზის გამოთქმული ეჭვები (ღმერთმა არ ქნას!) დადასტურდა, ქვეყანას უცილობლად დაუწესდება სანქციები, რაც ერთ დღეში დააყენებს დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ საქართველოს იმ ფინანსურ თუ მონეტარულ სტაბილურობას, რომლითაც "ოცნების" ხელისუფლება უკრაინის ომის ფონზე აგრესორ რუსეთთან ეკონომიკური დაახლოების პირობებში მოსახლეობას გამუდმებით აწონებს თავს.

უნდა გვესმოდეს, რომ უკრაინის ომის ფაქტორმა საქართველოს უნიკალური ისტორიული შესაძლებლობა შეუქმნა, ისე მიგვაახლოვა რა ევროინტეგრაციის ისტორიულ მიზანს, როგორც არასდროს, მაგრამ "ოცნების" პოლიტიკის წყალობით ასევე ახლო გახდა უპერსპექტივო რუსული ჭაობი, რომელსაც მმართველი ძალა საქართველოს მოსახლეობას "აუცილებელ, თანაც უფასო ყველად" ასაღებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები