საქართველოს "გამთლიანება" რუსული ანექსიის პირობებში: პუტინმა აფხაზეთთან ორმაგ მოქალაქეობას მწვანე შუქი აუნთო

02-06-2023 09:36:46 კონფლიქტები

პრეზიდენტმა პუტინმა სახელმწიფო სათათბიროს სარატიფიკაციოდ წარუდგინა შეთანხმება რუსეთის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთთან "ორმაგი მოქალაქეობის საკითხების რეგულირების შესახებ". შესაბამისი პროექტი რუსეთის საკანონმდებლო ორგანოს ბაზაში უკვე გამოქვეყნდა.

2022 წლის 27 სექტემბერს მოსკოვში ხელმოწერილი შეთანხმების მიხედვით ერთი ხელმომწერი მხარის მოქალაქეებს უფლება აქვთ, მეორეს მოქალაქეობა უკვე არსებულ მოქალაქეობაზე უარის თქმის გარეშე მიიღონ. ამასთან, აფხაზეთის "მოქალაქეები" რუსეთის ფედერაციის მოქალაქეობის მიღებას გამარტივებული წესით შეძლებენ. პირი, რომელიც ორმაგ მოქალაქეობას მიიღებს, ფაქტობრივი ცხოვრების ადგილზე ისარგებლებს ყველა იმ უფლებით, რომელსაც გამცემი მხარე თავის მოქალაქეებს ანიჭებს. შესაბამისად, რუსეთის მოქალაქეები, რომლებიც ოკუპირებული აფხაზეთის "მოქალაქეობას" მიიღებენ, აფხაზეთში ადგილობრივთათვის გათვალისწინებული ყველა უფლებით ისარგებლებენ, არჩევნებსა და სხვა პოლიტიკურ პროცესებში მონაწილეობისა და მიწისა თუ სხვა უძრავი ქონების შეძენის ჩათვლით, რასაც სადღეისოდ აფხაზური ე.წ კანონმდებლობა კრძალავს და რაც მოსახლეობის მნიშნელოვანი ნაწილის მწვავე პროტესტს იწვევს.

ცნობისთვის: რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთის მოსახლეობის ნახევარზე მეტს სადღეისოდ უკვე გააჩნია რუსეთის მოქალაქეობა. აფხაზური .ე.წ კანონმდებლობა ორმაგ მოქალაქეობას მხოლოდ რუსეთის ფედერაციასთან ითვალისწინებს.

გასული წლის მარტში პუტინმა რუსული პარლამენტის ქვედა პალატას რუსეთის მიერ ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონთან გაფორმებული ანალოგიური შეთანხმების რატიფიცირების შესახებ კანონპროექტიც წარუდგინა.

უნდა აღინიშნოს, რომ ორმაგი მოქალაქეობის შესახებ პუნქტი ერთ-ერთია რუსეთის მიერ აფხაზეთისთვის გამოგზავნილი იმ 45-პუნქტიანი პროგრამიდან, რომელიც ერთიანი სოციალურ-ეკონომიკური სივრცის ჩამოყალიბებასა და "პოსტსაბჭოთა სივრცეში რუსეთის ინიციატივით მიმდინარე საინტეგრაციო პროცესებში აფხაზეთის აქტიურ ჩართვას" ემსახურება. მიუხედავად იმისა, რომ აფხაზური სამოქალაქო საზოგადოებაცა და ოპოზიციაც ამ რუსული პროექტის იმპლემენტაციას მედგარ წინააღმდეგობას უწევენ, თვლიან რა, რომ განხორციელების შემთხვევაში ეს "აფხაზეთის სახელმწიფოებრიობის დაკარგვას და რუსეთის ფედერაციის მიერ შთანთქმას" გამოიწვევს, მოსკოვი ასლან ბჟანიას დე ფაქტო ხელისუფლების ხელშეწყობით თავისი ანექსიური გეგმის რეალიზებას აქტიურად განაგრძობს. "ურჩი" აფხაზური საზოგადოების დასაყოლიებლად მას იგივე კრემლისტური ნარატივებით უბნევენ გზა-კვალს, რომელიც დანარჩენ საქართველოშიც გვესმის, მათ შორის - "მეორე ფრონტისა" და ბჟანიას დე ფაქტო ხელისუფლების შეცვლის შემთხვევაში "ქართული რადიკალური ძალების მიერ დასავლეთის წაქეზებით ახალი ომის შესაძლო წამოწყების" შესახებ. ბჟანიას გუნდისა და საქართველოს მოქმედი ცენტრალური ხელისუფლების წარმომადგენლების ეს კრემლისტური მესიჯ-ბოქსი ხშირ შემთხვავში სიტყვა-სიტყვით ემთხვევა ერთმანეთს და ისევე, როგორც თბილისის შემთხვევაში, მოსკოვს უწყობს ხელს აფხაზეთის პუტინის ღიად დეკლალირებულ პროექტში - სსრკ-2-ში შესათრევად. საქართველოს ხელისუფლება კი ამ ფონზე ქართულ საზოგადოებას აქტიურად უქმნის ილუზიას, თითქოს მოსკოვისადმი მზარდი დათმობების წყალობით თბილისი საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას შეძლებს. სანამ "ქართული ოცნების" ხელისუფლება რუსეთისადმი "სტრატეგიულ თმენად" მონათლულ ამ დამთმობ პოლიტიკას აგრძელებს, რუსეთი არ მალავს, რომ აფხაზეთის ანექსიის მიზნით შემუშავებული 45-პუნქტიანი გეგმის იმპლემენტაციის დასრულებას უკვე მიმდინარე წლის ბოლომდე გეგმავს. როგორ წარმოუდგენია "ოცნების" ხელისუფლებას საქართველოს გამთლიანება იმ ფონზე, როცა მოსკოვი აფხაზეთს (ისევე, როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონს) თავისი ახალი იმპერიის სსრკ-2-ის შემადგენლობაში ხედავს, გაუგებარია, თუმცა შესაძლოა, პასუხი რუსეთის ყოფილი პრეზიდენტისა და პრემიერის - დიმიტრი მედვედევის ამასწინანდელ აღიარებაში იმალებოდეს: "საქართველო აფხაზეთსა და სახმრეთ ოსეთთან მხოლოდ ერთ შემთხვევაში - რუსეთის ახალი იმპერიის შემადგენლობაში შეიძლება, გაერთიანდესო".

ახალი ამბები

სხვა სიახლეები