რუსულმა "Red Wings"–მა საქართველოში ფრენების დაწყების თარიღი გადადო

02-06-2023 19:11:49 პოლიტიკა

რუსული ავიაკომპანია "Red Wings"–მა, რომელიც სანქცირებული რუსული კომპანიის სტრუქტურაში შედის და მიუხედავად ამისა, საქართველოს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოსგან მოსკოვი-ქუთაისისა და სოჭი-თბილისის რეისების განხორციელების ნებართვა მიიღო, საქართველოში ფრენების თარიღის დაწყება 2 კვირით გადადო.

რუსეთის ტუროპერატორთა ასოციაცია ამბობს, რომ ამის მიზეზი აეროპორტების განრიგია. უწყების ცნობით, ფრენები სოჭიდან თბილისი მიმართულებით 15 ივნისიდან დაიწყება და ოთხშაბათობით და ხუთშაბათობით შესრულდება.

რაც შეეხება რეისებს მოსკოვიდან ქუთაისის მიმართულებით, ფრენები 16 ივნისიდან დაიწყება. თვითმფრინავები ამ მიმართულებით კვირაში სამ (ორშაბათს, ოთხშაბათსა და პარასკევს) რეისს განახორციელებს.

ამ დროისთვის ავიაკომპანია ბილეთებს ამ ორ მიმართულებაზე არ ყიდის.

თავდაპირველად გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, რუსულ "Red Wings"-ს სოჭი-თბილისის მიმართულებით მრავალჯერადი ჩარტერული რეისები 2 ივნისიდან კვირაში სამჯერ - ორშაბათობით, ოთხშაბათობითა და პარასკევობით უნდა შეესრულებინა, ასევე 2 ივნისიდან ეფრინა კვირაში სამჯერ (იმავე დღეებში) მოსკოვი-ქუთაისის მიმართულებით.

აღსანიშნავია, რომ "Red Wings"-ის ფრენების მიმართულებებს შორის ფიგურირებს რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთიც, კერძოდ - გუდაუთა, გაგრა, ახალი ათონი, ბიჭვინთა და "სოხუმი, ბაბუშერა", თუმცა პრაქტიკაში ფრენები ამ მიმართულებით არ წარმოებს.

ცნობისთვის: რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა ამასწინათ საქართველოსთან პიდაპირი ავიამიმოსვლის განახლების გადაწყვეტილება გამოაცხადა. ქართულმა მხარემ ამაზე თანხმობა განაცხადა, რითაც რუსეთის იზოლირების შესახებ დასავლელი პარტნიორების კონსოლიდირებული გადაწყვეტილების წინააღმდეგ წავიდა. შესაძლო სანქცირების შესახებ მათი არაერთი გაფრთხილების მიუხედავად, ოფიციალური თბილისი გადაწყვეტილების შეცვლას არ აპირებს.

19 მაისს მოსკოვი-თბილისი-მოსკოვის მიმართულებით ფრენების განხორციელება დაიწყო რუსულმა კომპანია "აზიმუტმა" რომელიც აქამდე მხოლოდ შიდა რუსულ ფრენებს ახორციელებდა. 20 მაისიდან კი თბილისი-მოსკოვი-თბილისის რეისებს ქართული ავიაკომპანია "Georgian Airways" ახორციელებს.

ახალი ამბები

სხვა სიახლეები