Accentnews.ge
პრემიერი – ჟურნალისტს: გაუბედურებულები ხართ თქვენ და თქვენი დამკვეთები

პრემიერი – ჟურნალისტს: გაუბედურებულები ხართ თქვენ და თქვენი დამკვეთები

06/06/2023 08:46:16 პოლიტიკა

" გაუბედურებულები ხართ თქვენ და თქვენი დამკვეთები", – ასე მიმართა საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტს, რომელიც პრემიერის გერმანიაში ვიზიტით დაინტერესდა.

კერძოდ, ჟურნალისტის კითხვაზე, „არის თუ არა ეს დაბარება გერმანიის კანცლერის მხრიდან და უკავშირდება თუ არა ეს ვიზიტი ბრატისლავაში მის მიერ გაკეთებულ განცხადებებს“, ირაკლი ღარიბაშვილმა მედიის წარმომადგენელს მოუწოდა, „პირველ რიგში, ქვეყანაზე და მისი ინტერესების დაცვაზე იფიქროს და მერე შეასრულოს ასეთი ამორალური, ბინძური დავალებები“.

„თვალყურს ვადევნებდი თქვენს პროვოკაციულ ქმედებებს ბოლო 2 დღეა. რამდენად ანტისახელმწიფოებრივია და ანტიეროვნულია თქვენი განცხადება, მაგრამ მესმის, რომ ეს თქვენი დავალებაა. დავალება მოგცეს, რომ ეს კითხვა დაგესვათ, მაგრამ ერთი რამ მინდა ვუთხრა თქვენს დამკვეთებს, რომ ძალიან უსუსურ მდგომარეობაში არიან. რომ ვერაფერი მოიფიქრეთ, გარდა იმისა, რომ თურმე თქვენი ქვეყნის პრემიერ-მინისტრი ვიღაცამ დაიბარა, ეს მიანიშნებს იმას, რომ თქვენ ძალიან მძიმე მდგომარეობაში ხართ. გაუბედურებულები ხართ თქვენ და თქვენი დამკვეთები. მინდა ყველას გირჩიოთ, რომ პატივი სცეთ თქვენს ქვეყანას. პირველ რიგში, თქვენს ქვეყანაზე და მისი ინტერესების დაცვაზე იფიქრეთ და მერე შეასრულეთ ასეთი ამორალური, ბინძური დავალებები“, - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მანამდე, პრემიერმა აღნიშნა, რომ იგი კანცლერ ოლაფ შოლცის მიწვევით გერმანიაში ვიზიტს გეგმავს:

„ჩემი ვიზიტი იგეგმება გერმანიაში, ფედერალური კანცლერის, ბატონი შოლცის მიწვევით, სადაც მე მექნება საუბარი ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოების საკითხებზე, ევროინტეგრაციაზე, ზოგადად, იმ რთულ სიტუაციაზე, რომელიც რეგიონში შეიქმნა უკრაინის ომის შემდეგ - ომის გავლენებზე, რომელიც ყველას გვეხება და ბუნებრივია, საქართველოს, რომელიც პირველი მსხვერპლი იყო და ჩვენ 2008 წელს გამოვიარეთ ის უბედურება, რომელიც ახლა უკრაინაში მიმდინარეობს. ვფიქრობ, ძალიან საინტერესო, შინაარსიანი საუბრები გვექნება ბატონ შოლცთან. მე მასთან არაერთხელ მქონდა საუბარი, შარშანაც ვიყავი მისი მიწვევით გერმანიაში ოფიციალური ვიზიტით. მინდა მადლიერება გამოვხატო კანცლერის მიმართ, ვინაიდან იგი ყოველთვის ხმამაღლა და ღიად აფიქსირებს ჩვენი ქვეყნის მიმართ მხარდაჭერას. პრაქტიკულად, ყველა გამოსვლაში გერმანიის კანცლერი ღიად უჭერს მხარს საქართველოს ევროინტეგრაციას. ასე რომ, მე მადლიერი ვარ“.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S