პრემიერი – მოლდოვაში გამართულ სამიტზე: 45 ლიდერიდან მაქსიმუმ, 10–მა ნახა ზელენსკი, ხელის ჩამოსართმევად რიგი არ ყოფილა
06/06/2023 08:57:30 პოლიტიკა
"45 ლიდერიდან მაქსიმუმ 10–მა ნახა ზელენსკი, ხელის ჩამოსართმევად რიგი არ ყოფილა", – ასე უპასუხა საქართველოს პრემერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს, რომლებიც დაინტერესდნენ, მოლდოვაში გამართულ სამიტზე რატომ არ ჰქონდა მას კომუნიკაცია უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკისთან.
მისი თქმით, "არაფერი არ ხდებოდა განსაკუთრებული":
„ძალიან მარტივად იყო. თქვენ რომ გიყურებთ, ძალიან სასაცილოა ეს ყველაფერი, რაც ხდება მედიაში და დეგრადირებულ ოპოზიციაში. არაფერი არ ხდებოდა განსაკუთრებული, იქ იყო 45 ლიდერი. აქედან შეიძლება 5-მა-6-მა ნახა ზელენსკი, 10-მა მაქსიმუმ. ეს იყო. იქ რიგი არ ყოფილა ხელის ჩამოსართმევად. საერთოდ, მარტივად იყო ყველაფერი“, – თქვა მან.
კითხვაზე, საშუალება რომ ჰქონოდა, რას ეტყოდა ზელენსკის, ღარიბაშვილი ამბობს, რომ მიესალმებოდა.
დამატებით კითხვაზე, უსურვებდა თუ არა მას წარმატებას, პრემიერი ამბობს, რომ უკრაინას მშვიდობას, ომის დასრულებას და გაერთიანებას უსურვებს.


