ვატო შაქარიშვილი ანტიდასავლურ მოძრაობას აფუძნებს
06/06/2023 13:00:21 პოლიტიკა
„ქართული ოცნების“ ყოფილი წევრი ვატო შაქარიშვილი ანტიდასავლურ მოძრაობას „საქართველო უპირველეს ყოვლისა“ აფუძნებს.
როგორც იგი აცხადებს, ეს იქნება კონსერვატიული საზოგადოებრივი მოძრაობა:
"კონსერვატიული მოძრაობა ლიბერალური დიქტატის წინააღმდეგი იქნება და ქვეყანაში მშვიდობის შენარჩუნებისთვის იზრუნებს. ეს იქნება მძლავრი სამოქალაქო ძალა ქმედითი და ეფექტიანი იმ პოლიტიკური განუკითხაობის წინააღმდეგ, რაც ქვეყანაში ხდება და რომელიც, ძირითადად, ორგანიზებულია ქვეყნის გარედან“.
შაქარაშვილის თქმით, მოძრაობის წევრებისა და გეგმების შესახებ დეტალურად 12 ივნისს რუსთაველის თეატრში გამართულ ღონისძიებაზე ისაუბრებს:
"დასწრება არის თავისუფალი. ჩვენ არ გვაქვს პარტიულ-პოლიტიკური ამოცანები, ჩვენი მიზანია არსებული საფრთხეების წინაშე ვიყოთ ორგანიზებული, გვქონდეს ქმედითი ბერკეტები და 2024 წლის არჩევნებამდე ჩვენი ქვეყანა მივიყვანოთ მშვიდობიანად.. ქვეყნის გარედან, თუ ქვეყნის შიგნიდან ვერ უნდა მოხერხდეს ქვეყნის არევა და დესტაბილიზაცია”.
„კონსერვატიული პორტალის – საქართველო უპირველეს ყოვლისა“ ფეისბუქ–გვერდზე ვრცელდება „საქართველოს რკინიგზის“ თანამშრომლის დაჩი ცაგურიას მიმართვებიც. იგი პოზიციონირებს, როგორც ამ მოძრაობის მხარდამჭერი.
„ჩვენ ვხედავთ, რომ ძალიან მომრავლდა ადამიანების მიმართ ბულინგი, თავდასხმა, შეურაცხყოფა, აგენტო-აგენტოს ძახილი, მხოლოდ იმის გამო, რომ ეროვნულ ინტერესებს იცავენ. ასეთი ელემენტარული რაღაცების გამო შეუძლიათ, ადამიანი ლანძღონ. ვხედავთ, რომ ბოლო დროს, ყოველგვარი ეროვნული გვერდზეა გადაწეული, ამას ყველაფერს უნდა დაუპირისპირდეს ძლიერი და ფხიზელი მოსახლეობა”, –განაცხადა დაჩი ცაგურიამ "საზოგადოებრივი მაუწყებლის" ეთერში.
ვატო შაქარიშვილმა „ქართული ოცნება“ 2019 წლის 11 აპრილს დატოვა. ცოტა ხნის წინ იგი სიტყვით გამოვიდა „უცნობისა“ და ყოფილი დეპუტატის და მსახიობის ზაზა პაპუაშვილის ორგანიზებით გამართულ აქციაზე – „მოვდივარ“.


