ხაბეიშვილმა არ გამორიცხა, "ნაციონალურმა მოძრაობამ" სააკაშვილი პრემიერობის კანდიდატად დაასახელოს
08/06/2023 08:10:54 პოლიტიკა
"ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი არ გამორიცხავს, რომ პარტიამ პატიმრობაში მყოფი ექს–პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი პრემიერ–მინისტრობის კანდიდატად დაასახელოს. ამის შესახებ მან ტელეკომპანია "პირველის" ეთერში ისაუბრა.
როგორც ხაბეიშვილმა აღნიშნა, "სააკაშვილის როლი 2024 წლის არჩევნებში დიდი იქნება".
მისი თქმით, "ვიღაცებს შიში და კომპლექსები აქვთ და მიხეილ სააკაშვილის სახელის ხსენებას ვერ ბედავენ".
ენმ–ში ამბობენ, რომ ამ მიმართულებით კომუნიკაცია სააკაშვილთანაც აქვთ.
"მას აქვს გაცხადებული, რომ ფორმალურად არ აპირებს რაიმე თანამდებობის დაკავებას, მაგრამ ასევე მნიშვნელოვანია, რომ იგი ყველაფერს იზამს ეს ნათქვამიც აქვს, რომ რუსული რეჟიმი დამარცხდეს და რომ იგი სამკურნალოდ არ არის ჩამოსული, მისი სიტყვები გახლავთ. ძალიან მნიშვნელოვანია რა ფორმატში იქნება თვითონ შეარჩიოს, თუმცა რა ფორმატიც არ უნდა იყოს, იქნება ეს პრემიერ–მინისტრობა, თუ სხვა ფორმატი ვიცით, რომ იქნება ჩართული ამ პროცესში და იქნება გადამწყვეტი ფორმულა და ინსტრუმენტი ივანიშვილის დასამარცხებლად. კომუნიკაცია არსებობს ამ თემაზე. ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე ახლა ვერ მიიღებს ფიზიკურად გადაწყვეტილებას. ჩვენ დიდი იმედი გვაქვს, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობა გამოსწორდება და მერე მას მიეცემა საშუალება რომ აირჩიოს კონკრეტულად რა ფორმატით მიიღებს მონაწილეობას" - ამბობს ენმ–ის პოლიტსაბჭოს წევრი ირაკლი ფავლენიშვილი.


