ბრეგაძე– სააკაშვილზე: "არც თუ ისე ხშირია, როცა ქვეყნის მთავარსარდალი იღებს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას, ეს სამწუხარო ფაქტი იყო, დარწმუნებული ვარ, ქალბატონი პრეზიდენტი ამ მოსაზრებებით იხელმძღვანელებს"
08/06/2023 11:47:46 პოლიტიკა
"კითხვა, უნდა გახდეს თუ არა უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს პრემიერი, იუმორისტული ჟანრიდანაა", – ასე ეხმიანება იუსტიციის მინისტრი რატი ბრეგაძე პატიმრობაში მყოფი ყოფილი პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის სააკაშვილის პრემიერად შესაძლო დასახელების საკითხს.
როგორც რატი ბრეგაძემ აღნიშნა, უცხო ქვეყნის მოქალაქეს არჩევნებში მონაწილეობა არ შეუძლია, ხოლო მიანიჭებს თუ არა მას მოქალაქეობას საქართველოს პრეზიდენტი, ეს სალომე ზურაბიშვილის პრეროგატივაა.
„ეს კომენტარი იუმორისტული გადაცემისთვის გინდათ თუ საინფორმაციოსთვის? არასდროს ვსაუბრობ არც პაციენტზე და არც პატიმარზე ოდნავ მაინც იუმორისტული ფორმით, მაგრამ კითხვა იმის შესახებ, უნდა გახდეს თუ არა სხვა უცხო ქვეყნის მოქალაქე საქართველოს პრემიერი და ჩაერთოს პოლიტიკაში, ნამდვილად იუმორისტული ჟანრიდანაა. რაც შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქის ქართულ პოლიტიკაში მონაწილეობას, ეს ვერ მოხდება. მას სჭირდება საქართველოს მოქალაქეობა. ამ ეტაპზე, უცხოელს საქართველოში არ აქვს არც აქტიური და არც პასიური საარჩევნო ხმა და შესაბამისად, ვერ მიიღებს მონაწილეობას საქართველოს პოლიტიკაში. რაც შეეხება პრეზიდენტის შესაძლო გადაწყვეტილებას სააკაშვილისთვის მოქალაქეობის მინიჭების თაობაზე, ამაზე, რა თქმა უნდა, კომენტარს ვერ გავაკეთებ, ეს არის მისი კონსტიტუციური პრეროგატივა და უნდა გადაწყვიტოს თავად, მიანიჭებს რომელიმე კონკრეტულ ადამიანს საქართველოს მოქალაქეობას თუ არა. ჩემს პირად მოსაზრებას გეუბნებით. არც თუ ისე ხშირია, როცა ქვეყნის მთავარსარდალი და სახელმწიფოს მეთაური იღებს სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობას, ეს სამწუხარო ფაქტი იყო ნამდვილად. დარწმუნებული ვარ, ქალბატონი პრეზიდენტი აუცილებლად იხელმძღვანელებს ამ მოსაზრებებით, როცა დადგება მის მიერ გადაწყვეტილებების მიღების მომენტი, თუ დადგება. მე ვერანაირ მითითებას ამაზე ვერავის მივცემ. როცა ადამიანი იყო სახელმწიფოს მეთაური, მთავარსარდალი და გავიდა სახელმწიფოს მოქალაქეობიდან, დატოვა საქართველოს მოქალაქეობა, საკუთარი გადაწყვეტილებით, მიიღო სხვა სახელმწიფოს მოქალაქეობა და ჩადგა სხვა სახელმწიფოს სამსახურში, ეს მინიმუმ, უცნაურია და ჩემთვის პირადად მიუღებელი“, - განაცხადა რატი ბრეგაძემ.


