მარინა კალიურანდი - მაია ბითაძეს: "ნუ ადანაშაულებთ სხვებს, სარკეში ჩაიხედეთ"
08/06/2023 12:52:07 პოლიტიკა
ბრიუსელში, ევროპარლამენტში მიმდინარე ასოცირების საბჭოს სხდომაზე ევროპარლამენტარ მარია კალიურანდის მწვავე გამოსვლის საპასუხოდ, "ქართული ოცნების" წარმომადგენელმა მაია ბითაძემ ისაუბრა, რა ხდებოდა 2012 წლამდე.
"ჩვენ ყველას ძალიან კარგად გვახსოვს, რა ხდებოდა, სანამ „ქართული ოცნება“ მოვიდოდა ხელისუფლებაში, გვახსოვს, როდესაც გვეშინოდა საკუთარ ტელეფონზე საუბრისაც კი. ფაქტობრივად, ყველა ოჯახი იყო დაზარალებული, ვინაიდან, პრაქტიკულად, ყველა ოჯახიდან თითო წევრი მაინც იყო დაპატიმრებული, ნაწამები და ჩვენი პარტნიორებისგან ადამიანის უფლებების მხრივ დიდი შეშფოთება არ იყო. [...] ვიმედოვნებ, წლის ბოლოს საქართველოს კანდიდატის სტატუსი მიენიჭება, რაც პოლარიზაციის დასრულებას შეუწყობს ხელს", – განაცხადა ბითაძემ.
საპასუხოდ, ევროპარლამენტარმა მას მიმართა, რომ მმართველმა გუნდმა სხვების დადანაშაულების ნაცვლად, სარკეში ჩაიხედოს.
„როდესაც მე ვახსენე აგრესიის წახალისება, მე ვგულისხმობდი საქართველოს პრემიერ-მინისტრის ინტერვიუს, რომელიც მან მისცა 12 მარტს ტელეკომპანია „იმედს“, სადაც მან თქვა: „ევროპარლამენტმა საკუთარ თავს მიხედოს, რატომ გვკარნახობენ რა გავაკეთოთ, მათი სურვილი იყო და არის საქართველოს ჩართვა რუსეთის წინააღმდეგ ომში!“. ეს არის პრემიერის სიტყვები. თუ გსურთ მე განცხადებების ორი გვერდი მაქვს და შემიძლია, კითხვა გავაგრძელო, გსურთ ყველა განცხადების მოსმენა?! მე მხოლოდ იმის თქმა მსურდა, რომ როდესაც ჩვენ ვამბობთ, რომ გვესმის ანტიდასავლური რიტორიკა, რომ არის ბრალდებები ევროპარლამენტის პოლიტიკური ფრაქციებისა და ევროკავშირის სხვა ინსტიტუციების წინააღმდეგ, ჩვენ ეს მოწმენდილ ცაზე არ მოგვაქვს, ეს არის თქვენი ლიდერების მიერ გაკეთებული კონკრეტული განცხადებები, რომელიც ჩვენ გვესმის. და ასევე მინდა ვთქვა, რომ ძალიან ვწუხვარ თუ თქვენ ხედავთ, რომ ჩვენს დღევანდელ დისკუსიას მივყავართ პოლარიზაციამდე საქართველოში. ჩემი რჩევა იქნება, ნუ ადანაშაულებთ სხვებს, სარკეში ჩაიხედეთ და დაინახეთ, რისი გაკეთება შეგიძლიათ უკეთესად“, - განაცხადა კალიურანდმა.


