თინა ბოკუჩავა: "პარტნიორები ხედავენ, რომ რუსული ხელისუფლება პროდასავლელ ხალხს ევროპულ მომავალს ართმევს"
09/06/2023 07:33:46 პოლიტიკა
"აქამდე ჩვენი პარტნიორები დახურულ კარს მიღმა აჟღერებდნენ მსგავს მწვავე გზავნილებს და შეფასებებს. ახლა მოუწიათ ღიად გააკეთონ ეს, რადგან ხედავენ, რომ რუსული ხელისუფლება პროდასავლელ ქართველ ხალხს ევროპულ მომავალს ართმევს", -ასე გამოეხმაურა „ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარე თინა ბოკუჩავა ბრიუსელში საქართველო-ევროკავშირის ასოცირების კომიტეტის სხდომაზე პარტნიორების მხრიდან გაკეთებულ კრიტიკულ განცხადებებს.
როგორც მან აღნიშნა, პარტნიორები ახლა ცდილობენ დაიცვან საქართველოს ევროპული პერსპექტივა და ამას ემსახურება მათი კრიტიკაც.
"რეალურად, ამგვარი მწვავე კრიტიკით ცდილობენ დაიცვან ქართველი ხალხის არჩევანი და ევროპული პერსპექტივა, სწორედ ეს არის არსი ამ კრიტიკის. თუმცა, დარწმუნებული ვარ, ხელისუფლებიდან ამას შესაბამისი ნაბიჯები არ მოჰყვება, რადგან მას ღიად არჩეული აქვს რუსული გზა. დასავლელი პარტნიორების ამოცანაა, რომ საქართველომ არ დაკარგოს შესაძლებლობის ისტორიული ფანჯარა და შეუნარჩუნდეს ევროპული პერსპექტივა", - განაცხადა ბოკუჩავამ.


