გურჯაანის მერმა თანამდებობა დატოვა
09/06/2023 12:20:53 პოლიტიკა
გურჯაანის მერმა ზურაბ უტიაშვილმა თანამდებობა დატოვა. აღნიშნულთან დაკავშირებით მან განცხადება სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. იგი წერს, რომ ბრუნდება ჯანდაცვის სფეროში, სადაც "ქართული ოცნების" გუნდთან ერთად გააგრძელებს საქმიანობას.
უტიაშვილი მის გუნდს და პრემიერ ღარიბაშვილს მადლობას უხდის 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების დროს გამოცხადებული ნდობისთვის, ხოლო მოსახლეობას მხარდაჭერისთვის.
"მოკლედ მინდა შევაჯამო ის პროექტები რაც ორი წლის განმავლობაში, ჩემი მერობის პერიოდში განხორციელდა მუნიციპალიტეტში. მეამაყება, რომ სწორედ ჩემი მერობის პერიოდში გადაიჭრა მუნიციპალური ტრანსპორტის დანიშვნის საკითხი, რომელიც ჩემი ერთ-ერთი მთავარი წინასაარჩევნო დაპირება იყო. როგორც იცით, მუნიციპალური ტრანსპორტი გურჯაანში ათწლეულების განმავლობაში გაუქმებული იყო. ამ დროისთვის უკვე დასრულებულია კონსოლიდირებული ტენდერი და წლის ბოლომდე გურჯაანელებს 10 ახალი "Isuzu"-ს მარკის 21 ადგილიანი ავტობუსი მოემსახურება.
ასევე, მინდა გამოვყო საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი ღარიბაშვილის ინიციატივით განხორციელებული პროექტი "განახლებული რეგიონები", რომლის ფარგლებშიც ქალაქ გურჯაანში, ნონეშვილის ქუჩამ თანამედროვე იერსახე მიიღო, რომელიც თითოეული გურჯაანელის განსაკუთრებულ მოწონებას იმსახურებს.
კიდევ ერთი საკითხი, რომელიც წინასაარჩევნო შეხვედრების დროს გურჯაანელ ახალგაზრდებთან საუბრისას გამოიკვეთა, არის სკვერებისა და სპორტული მოედნების საჭიროება. სწორედ ამიტომ, ჩემი მერობის პერიოდში მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 25-ზე მეტი საბავშვო მოედანი და სავარჯიშო სივრცე მოეწყო. აქვე მინდა გაგაცნოთ ახალი პროექტი - ქალაქ გურჯაანში მულტიფუნქციური სპორტული დარბაზის მშენებლობა, რომელიც 2024 წელს დასრულდება. საჭიდაო მრავალფუნქციური სპორტკომპლექსი, 150 მაყურებლიან ტრიბუნას მოიცავს, სადაც შესაძლებელი იქნება ყველა დონის სპორტული ტურნირის ჩატარება.
ეს მხოლოდ მცირე ნაწილია იმ მნიშვნელოვანი პროექტების, რომლის განხორციელებაც ყველამ ერთობლივად შევძელით. მუნიციპალიტეტის მშენებლობა და მოქალაქეებზე ზრუნვა კვლავაც გაგრძელდება.
ვუბრუნდები ჯანდაცვის სფეროს, სადაც "ქართული ოცნების" გუნდთან ერთად გავაგრძელებ საქმიანობას ჩვენი ქვეყნისა და მოქალაქეების სამსახურში.
ჩემს მშობლიურ მუნიციპალიტეტს - გურჯაანს, განსაკუთრებული ადგილი უკავია ჩემს ცხოვრებაში და რასაკვირველია, ვრჩები გურჯაანისა და გურჯაანელების მხურვალე გულშემატკივრად!", - წერს უტიაშვილი სოციალურ ქსელში.


