კომიტეტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა
12/06/2023 08:00:26 პოლიტიკა
პარლამენტის საფინანსო - საბიუჯეტო კომიტეტმა „ეროვნული ბანკის შესახებ“ კანონპროექტზე პრეზიდენტის ე.წ. მოტივირებულ შენიშვნებს მხარი არ დაუჭირა.
პრეზიდენტის ვეტოს განხილვის შემდეგ კენჭისყრა გაიმართა. პრეზიდენტის პოზიცია და მის მიერ გამოყენებული ვეტო მხოლოდ ოპოზიციონერმა დეპუტატებმა რომან გოცირიძემ და სანდრო რაქვიაშვილმა გაიზიარეს.
როგორც კენჭისყრის დაწყებამდე პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა გიორგი მსხილაძემ განაცხადა, გაუგებარია, პირველი ვიცე -პრეზიდენტის დამატების საჭიროება და ამით სათანადო ბალანსის დარღვევა აღმასრულებელ და არააღმასრულებელ წევრთა შორის.
მსხილაძემ დეპუტატებს ვეტოს დაძლევისგან თავის შეკავებისკენ მოუწოდა.
უმრავლესობის ინიციატივით მიღებული საკანონმდებლო ცვლილების მიხედვით, რომელსაც პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა ხელი არ მოაწერა, ეროვნული ბანკის საბჭოში ახალი აღმასრულებელი თანამდებობის - პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტის შემოღება ხდება. ეროვნული ბანკის პირველი ვიცე-პრეზიდენტი ეროვნული ბანკის პრეზიდენტის არყოფნის შემთხვევაში მის მოვალეობას შეასრულებს. პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, „ქართულ ოცნებას“ ეროვნული ბანკის საბჭოში ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის შეყვანა სურს, რასაც პრეზიდენტი ეწინააღმდეგება. სალომე ზურაბიშვილი ამ სვლას არ თანხმდება, რადგან ეროვნული ბანკის ინსტიტუციურ დამოუკიდებლობისთვის სარისკოდ მიიჩნევს.


