პრემიერი: საქართველოში 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება
12/06/2023 10:23:56 პოლიტიკა
მთავრობის გადაწყვეტილებით, 2024 წლიდან 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების საქართველოში იმპორტი შეიზღუდება. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს, 12 ივნისის მთავრობის სხდომაზე ისაუბრა.
"გადავწყვიტეთ, ქვეყანაში ავტომობილების ევრო 5-ის სტანდარტი შემოვიღოთ. ეს პრაქტიკაში ნიშნავს იმას, რომ 2013 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტი შეიზღუდება", - თქვა ღარიბაშვილმა და განმარტა ისიც, რომ რეგულაცია მსუბუქი ავტომობილებისთვის ძალაში შევა 2024 წლის პირველი იანვრიდან, ხოლო ავტობუსებისა და სატვირთო ავტომობილებისთვის 2025 წლის პირველი იანვრიდან.
"ამ თარიღებიდან ქვეყანაში ვეღარ დარეგისტრირდება ევრო 5-ის სტანდარტზე ცუდი ხარისხის ავტომობილი", - დაამატა პრემიერმა და თქვა ისიც, რომ მიღებული გადაწყვეტილება არ შეეხება უკვე დარეგისტრირებულ ავტომობილებს, ისევე როგორც რეექსპორტისა და ტრანზიტის მიზნებისთვის შემოსულ ავტომობილებს.
ღარიბაშვილმა მოსალოდნელი რეგულაციის მიზეზად ჰაერის დაბინძურება დაასახელა:
"ქვეყანაში ორი პრობლემური დამაბინძურებელი გვაქვს: მყარი ნაწილები და აზოტის ორჟანგი. ბოლო 4 წლის გაზომვის შედეგები აჩვენებს, რომ აზოტის ორჟანგის ჰაერის დაბინძრების უმთავრესი წყარო სწორედ ეს მოძველებული და გაუმართავი ავტოტრანსპორტია... ეს პრობლემა ყველაზე მძაფრად დედაქალაქშია, ნორმების გადაჭარბება 25-დან 13 ლოკაციაზე ფიქსირდება".
მანვე განაცხადა, რომ აიკრძალება საქართველოდან კატალიზატორების ექსპორტი, რადგან "ეს არის პრობლემის მთავარი გამომწვევი".
"ბიზნესად არის გადაქცეული კატლიზატორების საკითხი. შევისწავლეთ და ვთქვით, რომ აუცილებელია კატალიზატორების ექსპორტის შეჩერება. ცალკე დადგენილებას გამოვცემთ და აიკრძალება კატალიზატორების ქვეყნიდან გატანა", - თქვა ღარიბაშვილმა სხდომაზე.


