ბიურომ ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის პოლიტიკური ჯგუფის რეგისტრაციას მხარი დაუჭირა
12/06/2023 13:05:37 პოლიტიკა
პარლამენტის ბიუროს სხდომაზე დეპუტატებმა კენჭისყრით მხარი დაუჭირეს „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის" ყოფილი წევრების ხატია დეკანოიძისა და რომან გოცირიძის პოლიტიკური ჯგუფის "ევროოპტიმისტების" რეგისტრაციას.
პოლიტიკური ჯგუფის შექმნის საშუალება მათ მას შემდეგ მიეცათ, რაც რეგლამენტში ცვლილება შევიდა.
ცვლილებების თანახმად, ერთი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკის დეპუტატებს, თუ იმავე პარტიის ან საარჩევნო ბლოკის წარდგენით აქვთ შექმნილი ფრაქცია, უფლება აქვთ შექმნან პოლიტიკური ჯგუფი [მინიმუმ ორ დეპუტატს], თუ მათ დატოვეს შესაბამისი პოლიტიკური პარტიის ან საარჩევნო ბლოკში შემავალი პარტიის წევრობა.
კანონპროექტის შექმნამდე ენმ-დან გასვლის შემდეგ დეკანოიძესა და გოცირიძეს ცალკე პოლიტიკური ჯგუფის შექმნის უფლება არ მისცეს.
მანამდე მოქმედი წესით, პოლიტიკური პარტიიდან გამოყოფილ დეპუტატებს პოლიტიკური ჯგუფის შექმნის საშუალება მხოლოდ იმ შემთხვევაში ჰქონდათ, თუკი ისინი არა საარჩევნო ბლოკით, არამედ პარტიის რიგებიდან იყვნენ არჩეული.
ახალი კანონპროექტის მიღების შემდეგ პოლიტიკური ჯგუფის შექმნის საშუალება ექნებათ ნატო ჩხეიძეს, როსტომ ჩხეიძესა და ნიკა მაჭუტაძესაც, რომლებსაც ფრაქციის, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - ძალა ერთობაშია", დატოვება მოუწიათ.
დეკანოიძემაც და გოცირიძემაც სხვადასხვა დროს, მას შემდეგ დატოვეს პარტია "ნაციონალური მოძრაობა", რაც მისი თავმჯდომარე ლევან ხაბეიშვილი გახდა.


