Accentnews.ge
ღარიბაშვილისა და ელჩების შეხვედრა კომენტარის გარეშე დასრულდა

ღარიბაშვილისა და ელჩების შეხვედრა კომენტარის გარეშე დასრულდა

12/06/2023 17:57:30 პოლიტიკა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილსა და ევროკავშირის წევრი ქვეყნების ელჩებს შორის შეხვედრა დასრულდა.

შეხვედრა არაფორმალურ გარემოში, სასტუმრო "ვინოტელში" გაიმართა.

შეხვედრის დასრულების შემდეგ ელჩებს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ. საქართველოში ევროკავშირის ელჩმა პაველ ჰერჩინსკიმ მხოლოდ ის განაცხადა, რომ "პრივატული ვახშამი" იყო.

ჟურნალისტების კითხვებს არც პრემიერ-მინისტრმა უპასუხა.

პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ცნობით, ღარიბაშვილმა ელჩებს ვახშამზე უმასპინძლა და დიპლომატებთან ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი არაფორმალურ გარემოში განიხილა.

„საუბარი შეეხო კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოსთვის განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების დინამიკას.

ხაზი გაესვა საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების მნიშვნელობას“,- აღნიშნულია პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.

თავად შეხვედრის შესახებ ჟურნალისტებისთვის თავად ელჩების მხრიდან გახდა ცნობილი.

როგორც ჰერჩინსკიმ თქვა, შეხვედრა ღარიბაშვილის ინიციატივით დაიგეგმა.

"ჩვენ შორის შეხვედრები რეგულარულია. ჩემი აზრით, მნიშვნელოვანია, რომ დიპლომატიურ საზოგადოებასა და პრემიერ-მინისტრს, მთლიანად მთავრობას შორის ინფორმაციის გაცვლა მაქსიმალურად ინტენსიური იყოს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც საკვანძო მომენტში შევდივართ - ევროკომისია ოქტომბერში წარადგენს გაფართოების ანგარიშს და შემდეგ ევროკავშირის ლიდერები, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა მიიღებს გადაწყვეტილებას შემდგომი ნაბიჯების შესახებ", - თქვა ჰერჩინსკიმ შეხვედრამდე.

საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 2022 წლის 3 მარტს წარადგინა. ამის შემდეგ ქვეყნის მთავრობამ შეავსო ევროკომისიისგან მიღებული კითხვარი. 2022 წლის ივნისში ევროკავშირმა, საქართველოსგან განსხვავებით, წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა უკრაინასა და მოლდოვას, რომლებმაც წევრობის განაცხადები 2022 წლის თებერვალსა და მარტში წარადგინეს. საქართველომ მიიღო მხოლოდ ევროპული პერსპექტივა. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად მან 12 პირობა უნდა შეასრულოს.

ახალი ამბები

ახალი ამბები

შემოგვიერთდით

February
2021
S
M
T
W
T
F
S