ვენეციის კომისია: დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებული ვარიანტი არ უნდა იქნას მიღებული
13/06/2023 08:26:17 პოლიტიკა
ვენეციის კომისია საქართველოს ხელისუფლებას ურჩევს, უარი განაცხადოს დეოლიგარქიზაციის შესახებ კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტზე და ქვეყანაში ოლიგარქიულ გავლენასთან საბრძოლველად არსებული სისტემური ზომების ღრმა და ყოვლისმომცველი ანალიზი ჩაატაროს.
"ქვეყანაში ოლიგარქიული გავლენის წინააღმდეგ საბრძოლველად ამჟამად გათვალისწინებული „პიროვნული მიდგომის“ ნაცვლად, უნდა გატარდეს „სისტემური“ მიდგომა", – აცხადებს ვენეციის კომისია.
იგი განმარტავს, რომ ქვეყნების უმეტესობამ შეიმუშავა და აამოქმედა ურთიერთკავშირის მქონე საკანონმდებლო, ადმინისტრაციული, ეკონომიკური და სხვა ზომები, რათა თავიდან აიცილოს დამაზიანებელი ეფექტი, რომელიც მსგავსი გავლენის რამდენიმე ადამიანის ხელში კონცენტრაციას მოაქვს დემოკრატიის, კანონის უზენაესობისა და ადამიანის უფლებებისთვის.
"ოლიგარქიზაციის დესტრუქციული გავლენის დასაძლევად ასეთი მრავალსექტორული, „სისტემური“ მიდგომის გატარების ნაცვლად, საქართველომ აირჩია განსხვავებული „პერსონალური მიდგომა“ და მიუხედავად იმისა, რომ კანონპროექტის გადამუშავებულ ვარიანტში სადამსჯელო ზომებისა და შეზღუდვების უმეტესობა გაუქმებულია, შესაძლო პოლიტიკური მიზნებით კანონის ბოროტად გამოყენებამ შესაძლოა, საფრთხეს შეუქმნას კანონის უზენაესობასა და პოლიტიკურ პლურალიზმს", – აცხადებს ვენეციის კომისია.
ვენეციის კომისიის რეკომენდაციაა, შემუშავდეს კორექტირებული, დამატებითი ან ურთიერთშემავსებელი კანონმდებლობა, ან ზომები, რომლებიც შემდეგს მოიცავს:
- ეფექტიანი კონკურენციის პოლიტიკის ჩამოყალიბებას და განხორციელებას;
- მაღალი დონის კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის გაძლიერებას და პრევენციას, კორუფციის წინააღმდეგ მებრძოლი ქვეყნების ჯგუფის(GRECO) რეკომენდაციების შესაბამისად;
- სახელმწიფო შესყიდვების გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების დაცვას;
- მედიის პლურალიზმისა და მედიის მფლობელობის გამჭვირვალობის განმტკიცებას;
- ფულის გათეთრების საწინააღმდეგო პოლიტიკის შემდგომ გაუმჯობესებას;
- პოლიტიკური პარტიებისა და საარჩევნო კამპანიების დაფინანსების წესებისა და კონტროლის მექანიზმების გაძლიერებას;
- ცვლილებებს საგადასახადო კანონმდებლობაში;
- ძირითადი მარეგულირებელი და მაკონტროლებელი ორგანოების დამოუკიდებლობისა და ეფექტიანობის გაძლიერებას;
- შეფასებას, თუ როგორ შეუძლია სხვადასხვა ინსტიტუტს (ანტიკორუფციულ ორგანოებს, ანტიმონოპოლიურ კომიტეტს, სახელმწიფო აუდიტს, საბანკო ზედამხედველობის ორგანოებს და ა.შ.) უკეთ იმუშაონ ერთად, რათა თავიდან აიცილონ და აღმოფხვრან ოლიგარქიული გავლენა პოლიტიკურ, ეკონომიკურ და საზოგადოებრივ ცხოვრებაზე.


