ხვალ ირაკლი ღარიბაშვილი შარლ მიშელს შეხვდება
13/06/2023 09:10:34 პოლიტიკა
ხვალ საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ევროპული საბჭოს პრეზიდენტ შარლ მიშელს შეხვდება. ამის შესახებ ინფორმაცია უკვე ასახულია საბჭოს ვებ–გვერდზე. განრიგის მიხედვით, შეხვედრა ბრიუსელში თბილისის დროით 14:30 საათზე გაიმართება.
პრემიერმა გუშინ ევროკავშირის წევრი ქვეყნების დიპლომატებთან, ასევე ევროკავშირის ელჩ პაველ ჰერჩინსკთან შეხვედრა გამართა. მთავრობის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, „მთავრობის მეთაურმა დიპლომატებთან ევროინტეგრაციის გზაზე საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი არაფორმალურ გარემოში განიხილა. საუბარი შეეხო კანდიდატის სტატუსის მისაღებად საქართველოსთვის განსაზღვრული 12 რეკომენდაციის შესრულების დინამიკას".
შეხვედრამდე ელჩმა ჰერჩინსკიმ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ "მნიშვნელოვანია, დიპლომატიურ საზოგადოებასა და პრემიერ-მინისტრს, მთლიანად მთავრობას შორის ინფორმაციის გაცვლა მაქსიმალურად ინტენსიური იყოს, განსაკუთრებით ახლა, როდესაც საკვანძო მომენტში შევდივართ - ევროკომისია ოქტომბერში წარადგენს გაფართოების ანგარიშს და შემდეგ ევროკავშირის ლიდერები, ევროკავშირის 27 წევრი ქვეყანა მიიღებს გადაწყვეტილებას შემდგომი ნაბიჯების შესახებ".
საქართველომ ევროკავშირის წევრობის განაცხადი 2022 წლის 3 მარტს წარადგინა. ამის შემდეგ ქვეყნის მთავრობამ შეავსო ევროკომისიისგან მიღებული კითხვარი. 2022 წლის ივნისში ევროკავშირმა, საქართველოსგან განსხვავებით, წევრობის კანდიდატის სტატუსი მიანიჭა უკრაინასა და მოლდოვას, რომლებმაც წევრობის განაცხადები 2022 წლის თებერვალსა და მარტში წარადგინეს. საქართველომ მიიღო ევროპული პერსპექტივა. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მისაღებად ქვეყანამ 12 პირობა უნდა შეასრულოს.


