სარჯველაძე: „დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებაში უკრაინისგან განსხვავებული მოსაზრება გასაგები არ არის
13/06/2023 09:50:25 პოლიტიკა
საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძე აცხადებს, რომ „დეოლიგარქიზაციის შესახებ" კანონთან დაკავშირებით საქართველოსთან მიმართებაში უკრაინისგან განსხვავებული მოსაზრება გასაგები არ არის". ამის შესახებ მან "დეოლიგარქიზაციის შესახებ" საქართველოს კანონთან დაკავშირებით ვენეციის კომისიის დასკვნის შეფასებისას განაცხადა.
"პრაქტიკულად უკრაინას იგივე შინაარსის კანონპროექტი ჰქონდა მიღებული. ევროკომისიის ხელმძღვანელი ურსულა ფორ დენ ლაიენი ამბობდა, რომ ეს კარგი კანონი იყო. შესაბამისად, უკრაინას მუშაობა მის აღსრულებაზე უნდა დაეწყო. ასეთ დროს როგორ შეიძლება, ეს მოსაზრება საქართველოსთან მიმართებაში იყოს განსხვავებული, ეს გასაგები არ არის", – განაცხადა სარჯველაძემ.
„ქართული ოცნება“ აცხადებდა, რომ კანონპროექტი დეოლიგარქიზაციის შესახებ უკრაინის კანონპროექტის იდენტურია. უკრაინის იუსტიციის მინისტრმა დენის მალიუსკამ 9 ივნისს განაცხადა, რომ ვენეციის კომისიამ უკრაინას ანტი-ოლიგარქიული კანონის იმპლემენტაციის გადადების რეკომენდაცია მისცა.
"ომი მნიშვნელოვნად ცვლის ძალთა ბალანსს უკრაინაში. ძალთა ბალანსის ცვლა კი მნიშვნელოვნად ამცირებს ოლიგარქების გავლენას. კანონის იმპლემენტაციის პაუზა დიდხანს არ გაგრძელდება და უკრაინა და ვენეციის კომისია ამ თემას ომში კიევის გამარჯვების შემდეგ დაუბრუნდებიან, თუ იმ დროისთვის ოლიგარქები ჩვეულებრივი წესიერი ბიზნესმენები არ იქნებიან", – განაცხადა დენის მალიუსკამ.
მოგვიანებით, უკრაინელმა დეპუტატმა სერგიი ვლასენკომ აღნიშნა, რომ ვენეციის კომისიის დასკვნა ნეგატიურია და მასშიც საუბარია ინდივიდუალურის ნაცვლად, სისტემური მიდგომის საჭიროებაზე.


