ელისაშვილი: "უცხოელი გიდების" მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ აღვირახსნილი მავნებლობა ხორციელდება, სად არის აქ სახელმწიფო?
13/06/2023 10:46:26 პოლიტიკა
პარტია „მოქალაქეების“ წევრმა დეპუტატმა ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის პლენარულ სხდომაზე გიდების თემასთან დაკავშირებით ისაუბრა და აღნიშნა, რომ საჭიროა, საქართველოში აღნიშნული საკითხი მოწესრიგდეს.
მისი თქმით, ერთის მხრივ, “უცხოელი გიდების“ მხრიდან, ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, აღვირახსნილი მავნებლობა ხორციელდება და მეორეს მხრივ, ისინი ქართველ გიდებს შემოსავლის წყაროს აკარგვინებენ.
„საქართველოში არიან ირანელები, არაბები, რუსები, რომლებმაც მხოლოდ მშობლიური ენა იციან და მათთვის გაცილებით მარტივია საქართველოში ჩამოსულ საკუთარ თანამემამულეებთან კომუნიკაცია. მათ არ იციან არც საქართველოს ისტორია, არც საქართველოს მოქალაქეები არიან, ზოგიერთ მათგანს არც ბინადრობის მოწმობა აქვს. არსებობს ჩანაწერები, რომ მაგალითად, ირანელი გიდები როგორ უყვებიან თავის თანამემამულეებს, რომ „სინამდვილეში, საქართველო ირანია, ყოველთვის ირანი იყო, სპარსეთი იყო და ბოლო 200 წელია, რუსებმა დაგვიპყრეს და გაგვაქრისტიანეს, თორემ ადრე თუ გვიან ისევ დავბრუნდებით და გავხდებით ირანის ნაწილი“. არაბები უყვებიან, რომ „ეს ისტორიული არაბული სახელმწიფოს ნაწილი იყო“. რუსები ხომ საერთოდ სიგიჟეებს უყვებიან, რომ „თურმე მე-9 და მე-10 საუკუნეებში გავხდით ქრისტიანები და ისიც რუსებმა გაგვაქრისტიანეს“ და ა.შ. ერთის მხრივ, ლუკმა-პურს და შემოსავალს აკარგვინებენ ეს ადამიანები საქართველოს მოქალაქე გიდებს, რომლებსაც უზარმაზარი შრომა აქვთ ჩადებული იმაში, რომ განათლება მიეღოთ, პროფესიას დაუფლებოდნენ და მეორეს მხრივ, არის ერთმნიშვნელოვანი და აღვირახსნილი მავნებლობა ქართული სახელმწიფოს წინააღმდეგ, რომ ვიქეცით ტერიტორიად, რომელსაც ლამაზი ტერიტორია, არაჩვეულებრივი კულტურული მემკვიდრეობა აქვს და ამ კულტურულ მემკვიდრეობას, ვისაც როგორ უნდა, ისე ასაღებს და ისე ჰყვება. სად არის აქ სახელმწიფო?,“ - განაცხადა ელისაშვილმა.


