სარჯველაძე: წლებია, გულისამრევი სტაგნაცია სუფევდა კულტურის არაერთ სფეროში
13/06/2023 11:50:49 პოლიტიკა
„ქართული ოცნების” წევრი დეპუტატი მიხეილ სარჯველაძე კულტურის სამინისტროს ირგვლივ მიმდინარე მოვლენებს ეხმიანება და აცხადებს, რომ წლებია, კულტურის არაერთი მიმართულებით, გულისამრევი სტაგნაცია სუფევდა.
„საქართველოში წლებია, სტაგნაცია სუფევდა კულტურის არაერთი მიმართულებით, არაერთ სფეროში, გულისამრევი სტაგნაცია სუფევდა და როდესაც გაჩნდა სურვილი, ინიციატივა, კონკრეტული ნაბიჯები, რომ ეს სტაგნაცია მოიშალოს, დიახ თუნდაც კინოში გადაიღებოდეს ისეთი ფილმები, როგორიც არის „ალავერდობა“, „ჯარისკაცის მამა“ თუ „ცისფერი მთები“, რა საკვირველია, ამას აღშფოთებით დაუპირისპირდა ყველა, ვისაც აქვს სურვილი, რომ ხელი შეუშალოს ქვეყნის წარმატებას“, – განაცხადა მიხეილ სარჯველაძემ პარლამენტის პლენარულ სხდომაზე.
მანამდე, ოპოზიციონერმა დეპუტატებმა აღნიშნეს, რომ კუტურის მინისტრმა თეა წულუკიანმა რეპრესიული პოლიტიკის გატარება ამჯერად კინოცენტრში დაიწყო და ძველი ხელმძღვანელების გათავისუფლების შემდეგ, ერთ-ერთი დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილედ POSTV-ის წამყვანი ბაჩო ოდიშარია დანიშნა.


