ბოჭორიშვილი: ბრიუსელში გამართული შეხვედრების შემდეგ გაჩნდა აღქმა, რომ არის მცდელობა, სტატუსის მინიჭების განხილვა უხილავი წინაპირობების მიხედვით მოხდეს
13/06/2023 12:48:09 პოლიტიკა
ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავჯდომარე მაკა ბოჭორიშვილი აცხადებს, რომ ბრიუსელში ვიზიტის შემდეგ გაჩნდა აღქმა, რომ გარდა 12 რეკომენდაციის შესრულებისა, ევროინტეგრაციისთვის საქართველოს უხილავი წინაპირობებიც აქვს წაყენებული. ამის შესახებ მან პარლამენტის პლენარულ სხდომაზე ისაუბრა.
"გასულ კვირას ბრიუსელში გამართული შეხვედრების შემდეგ გაჩნდა აღქმა, რომ არის სერიოზული მცდელობა, საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვა მოხდეს არა იმ 12 რეკომენდაციის შეფასების საფუძველზე, რომელიც ევროკომისიამ შეიმუშავა და ევროკავშირის 27 წევრმა ქვეყანამ დაამტკიცა, როგორც კანდიდატის სტატუსის მიღების წინაპირობა, არამედ უხილავი წინაპირობების მიხედვით, რომლის განსაზღვრაც და შესრულებაც რთულია საქართველოს ხელისუფლებისთვის. ამავდროულად, ასეთი წინაპირობების ინტერპრეტაცია მარტივია ყველასთვის, ვისაც სურვილი აქვს, არ დაუშვას საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭება. რთულია, ბრიუსელმა უგულებელყოს ხელისუფლების ძალისხმევა, რომელიც არ დაგვიშურებია იმისთვის, რომ 12-ვე რეკომენდაციის შესასრულებლად გვემუშავა ამ ერთი წლის განმავლობაში. რთულია, ევროკავშირის წევრი ქვეყნების დედაქალაქებმა უგულებელყონ ის ძალისხმევა, რომელიც არ დაგვიშურებია იმისათვის, რომ შეგვექმნა ყველა წინაპირობა, დეკემბერში ევროკავშირის საბჭოს მიერ საქართველოსთან დაკავშირებით პოზიტიური პოლიტიკური გადაწყვეტილების მისაღებად“, – განაცხადა ბოჭორიშვილმა.
მაკა ბოჭორიშვილის საპასუხოდ „ლელოს“ წევრმა სალომე სამადაშვილმა განაცხადა, დღეს „ქართულმა ოცნებამ" და „ხალხის ძალამ" გააჟღერა ორი პროპაგანდისტული მესიჯი იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შეიძლება, ვერ მიიღოს საქართველომ კანდიდატის სტატუსი.
"თქვენ დღეს პარლამენტში მოისმინეთ ორი პროპაგანდისტული ხაზი, ორი პროპაგანდისტული გზავნილი, რომელიც აპირებს, მოატყუოს საქართველოს მოქალაქეები იმასთან დაკავშირებით, თუ რატომ შეიძლება აღმოჩნდეს ჩვენი ქვეყანა წარუმატებელი კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესში. ერთი დიდი ტყუილი, რომელიც მოვისმინეთ ქალბატონი ბოჭორიშვილის პირიდან ეს არის ის, რომ თითქოს ოპოზიცია, დამოუკიდებელი მედია და სხვები, აბრკოლებენ ქვეყნისთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭების პროცესს და მისი სრულიად ისტერიული ტონი კიდევ ერთხელ მარწმუნებს იმაში, რომ როგორც ჩანს, გზავნილები, რომლებიც მიღებული აქვს ხელისუფლებას იმაზე, რომ კანდიდატის სტატუსი არ იქნება წლის ბოლოს, არის თქვენთვის "ქართული ოცნების" წარმომადგენლებისთვის ძალიან დამაჯერებელი. რეალობა კი არის ის, რაც გითხრეს, ქალბატონ ბოჭორიშვილს და "ქართულ ოცნებას" ბრიუსელში- თუ გსურთ დაინახოთ მიზეზი, რატომ არ გაქვთ კანდიდატის სტატუსი, სარკე ახლოს მიიტანეთ სახესთან და კარგად შეხედეთ საკუთარ თავს. და მეორე, პროპაგანდისტული ხაზი "ქართული ოცნების" ქვედანაყოფის მიერ განვითარებული, რომ თითქოს ევროკავშირში კანდიდატის სტატუსის მიღებაზე უარს თუ გვეტყვიან, ეს მოხდება იმიტომ, რომ ჩვენ ვიღაც გვთხოვს ქართულ ტრადიციებთან დაპირისპირებული ღირებულებების მიღებას ჩვენს საზოგადოებაში. როგორც ერთი, ასევე მეორე ხაზი არის მტკნარი ტყუილი. რეალობა არის ის, რომ ჩვენ ევროკავშირი გვთხოვს მურუსიძის სასამართლო კლანის დაშლას, მაგრამ სამწუხაროდ დღეს ქვეყანას მართავს პოლიტიკური ძალა, რომელიც გეუბნებათ საქართველოს მოქალაქეებს, რომ თქვენი შვილების ევროპული მომავალი მათთვის მნიშვნელოვანი არ არის, იმიტომ, რომ მათთვის გაცილებით მნიშვნელოვანია მურუსიძის სასამართლო კლანი, ოღონდ საკუთარი შვილები ამ ხალხს, ყველას, გაშვებული ჰყავს ევროპაში სასწავლებლად და საცხოვრებლად, ან ამერიკაში, რომელსაც მერე ლანძღავენ",- განაცხადა სამადაშვილმა.


